ახალი ამბები

პარლამენტის მეორე სხდომა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე

1 ოქტომბერი, 2010 • • 1011
პარლამენტის მეორე სხდომა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენა დღეს გაიმართება. მანამდე კი კონსტულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის თავჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან გაიმართა.

გამართულ შეხვედრებზე საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე უმცირესობა და უმრავლესობა შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი  თავის პარტიულ საქმიანობას დატოვებს.

ასევე მხარეები შეთანხმდნენ კონსტიტუციის 21-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც საკუთრების უფლებას შეეხება. შეთანხმების შედეგად ამ მუხლში ჩაიწერება, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ,,წინასწარი და სამართლიანი ანაზღაურებით’’, ნაცვლად დღეს მოქმედი კონსტიტუციით გათვალისწინებული ,,სათანადო ანაზღაურებისა’’.

მხარეებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანთა და ქალთა შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

ასევე, შეთანხმების შედეგად, პარლამენტს სრული უფლება ექნება, შეკითხვით მიმართოს ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელსაც, რაც მანამდე პროექტში გათვალისწინებული არ ყოფილა. აქამდე პარლამენტს  მხოლოდ მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისათვის – მთავრობისთვის , მთავრობის წევრებისთვის და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის – შეეძლო მიემართა.

მხარეები ისევ ვერ შეთანხმდნენ კონსტიტუციის 81-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობისთვის უნდობლობის საკითხის გამოცხადებას ეხება. 

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით გატანას.

საპარლამენტო განხილვა ცვლილებების პროექტზე პარლამენტში 12 საათზე დაიწყება.

სახელმწიფო კომისიამ შეიმუშვა კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, გასული წლის გაზაფხულზე შეიქმნა. კომისიამ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა უკვე დაასრულა, დღეიდან კი მას უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი