ახალი ამბები

“საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ასახონ მოქალაქეთა ნება” – ევროკომისარი “ოცნებას” რუსული კანონის ჩაგდებას სთხოვს

23 აპრილი, 2024 • 752
“საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ასახონ მოქალაქეთა ნება” – ევროკომისარი “ოცნებას” რუსული კანონის ჩაგდებას სთხოვს

“ყველა ასაკის მოქალაქე, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში, აჩვენებს ძლიერ მისწრაფებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების გაზიარებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი”, – ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა ევროპარლამენტში იანეზ ლენარჩიჩიმ.

ევროკომისარი კრიზის მენეჯმენტის და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში აცხადებს, რომ რუსული კანონი, რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” უკვე მეორედ ცდილობს, შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროკომისრის თქმით, კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.

“გასულ კვირას საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში საკუთარი უფლების განსახორციელებლად, ჩაეტარებინათ მშვიდობიანი დემოსნტრაცია და კიდევ ერთხელ მოეთხოვათ, რომ ხელისუფლებას ჩაეგდო კანონპროექტი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ უკვე ვნახეთ მსგავსი სცენა საქართველოში გასულ წელს […]

მე მოვუწოდებ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში, რომ ჩააგდონ კანონპროექტი, როგორც ეს მოხდა გასულ წელს. ნათელია, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. თუ მიიღება, ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც მიიღო გასულ წლის დეკემბერში, ჩვენი ურთიერთობები დაახლოვა ისე, როგორც არასდროს იქამდე. ჩვენი კარი ღიაა.  ამგვარად, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ასახონ საქართველოს მოქალაქეების მოლოდინები და არ გაანადგურონ ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა”, – განაცხადა ევროკომისარმა.

დღეს, 23 აპრილს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ. სესიის სახელწოდება იყო “საქართველოში უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების ხელახალი მცდელობა და მისი გავლენა სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე”.

ამავე დღეს ევროპარლამენტში დაინიციირდა რეზოლუცია “საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ”. რეზოლუციის ავტორების შეფასებით, კანონი საკამათოდ მიიჩნევა და ხელისუფლებას დამოუკიდებელი ხმების დისკრედიტაციისა და შეზღუდვის მძლავრ ინსტრუმენტს აძლევს. ამასთან, საფრთხეს უქმნის პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას და შეამცირებს საზოგადოებრივი ცხოვრების ნამდვილ გამჭვირვალობას საქართველოში. რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი