ახალი ამბები

შესაბამისი სამსახურები უკვე იკვლევენ, თუ ვინ დგას ცრუ შეტყობინებების უკან — ამილახვარი

22 აპრილი, 2024 • 538
შესაბამისი სამსახურები უკვე იკვლევენ, თუ ვინ დგას ცრუ შეტყობინებების უკან — ამილახვარი

დღეს, 22 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი გამოეხმაურა ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე ტერორიზმის შესახებ გუშინ გავრცელებულ მუქარებს.

„გუშინ საღამოს გავრცელდა მსგავსი ტიპის შემცველი ინფორმაცია ერთ-ერთ ახლად შექმნილ ტელეგრამ არხზე. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, როგორც სამინისტრო, ასევე შესაბამისი სამართალდამცავი უწყებები ყველა იმ დასახელებულ სკოლაში, რომელიც მითითებული იყო ამა თუ იმ განცხადებაში, მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“, — განაცხადა ამილახვარმა.

ამილახვარის თქმით, ისინი უწყვეტად აგრძელებდნენ ინფორმაციის გადამოწმებას და არც ერთ სკოლაში არ დადასტურდა საფრთხის არსებობა

„ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, სწრაფად მიგვეწოდებინა სასკოლო საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის და, მით უმეტეს, სწავლის გადადების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება. ეს იყო უბრალოდ ცრუ განგაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები უკვე იკვლევენ, იძიებენ, თუ ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზნები და ამოცანები“ ,— განაცხადა განათლების მინისტრმა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ამოწმებდნენ თბილისის სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებს, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

„მიმდინარე წლის 21 აპრილს სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“, — აცხადებს სუსი.

ამ დროისათვის ტელეგრამ არხი, საიდანაც ტერორიზმის შესახებ მუქარები გავრცელდა, გაუქმებულია.

მსგავსი სახის ცრუ შეტყობინება რამდენიმე თვის წინ აჭარაშიც გავრცელდა, რასაც მაშინ სასწავლო პროცესის მასშტაბური შეწყვეტა მოჰყვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი