დღეს ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს, ხათუნა ლომთაძეს მხარი არ დაუჭირა. ყოფილი დირექტორის, ტარიელ კალანდაძის ინფორმაციით, 13-დან 12-მა წევრმა ლომთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
პროცედურულად, ახლა სამინისტრო თავად ნიშნავს დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელს.
განათლების სამინისტრომ ბევრ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა, თავისივე სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატების ნაწილი კი არცერთ სკოლას არ წარუდგინა. ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლა სწორედ ერთ-ერთია მათ შორის – ყოფილ დირექტორი, ტარიელ კალანდაძე, რომელიც სერტიფიცირებული დირექტორიბის კანდიდატია, სამინისტრომ სკოლის სამეურვეო საბჭოს არ წარუდგინა. ამ უკანასკნელს მხოლოდ ერთი კანდიდატის, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ხათუნა ლომთაძის კანდიდატურის განხილვის საშუალება ჰქონდა.
ტარიელ კალანდაძემ ამ ამბის შესაძლო პოლიტიკურ სარჩულზე “ბათუმელებთან” ისაუბრა:
„ეჭვების და ვარაუდების დონეზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ წარდგენილი კანდიდატი ხათუნა ლომთაძე, რომელიც ამავე სკოლის ქართულის მასწავლებელია, ურეკავს სხვა მასწავლებლებს და ეუბნება, რომ მისი დირექტორად განწესების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, რომ აზრი არ აქვს მათ ვნებათაღელვას. საიდან იცის, რომ უკვე გადაწყვეტილია?!
მე არ მაქვს დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ამიტომ ზუსტად იმასაც ვერ გეტყვით, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო“, – უთხრა კალანდაძემ “ბათუმელებს”.
ოზურგეთის საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე ტარიელ კალანდაძის მხარდამჭერი პოსტები გამოქვეყნდა. სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილმა ყოფილი დირექტორის მხარდასაჭერად სკოლაში ბანერები გაშალეს.
მსგავსი პროცესი მიმდინარეობს სხვა საჯარო სკოლებშიც. დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიებს:
- „დირექტორი ვიყავი და არა ოცნების აგიტატორი“ – არჩევნები 1 კანდიდატით და პროტესტი სკოლებში
- „ეს არ იქნება არჩევნები, ეს იქნება დანიშვნა“ – დირექტორების წერილი განათლების მინიტრს
გარეკანის ფოტო: ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდი.