ახალი ამბები

პოლიციამ იძალადა ყველაზე, ვინც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს — DRI

19 აპრილი, 2024 • 798
პოლიციამ იძალადა ყველაზე, ვინც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს — DRI

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) განცხადებით, 2024 წლის 16-17 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები დაარბიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღნიშნული ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას უწევს აქციის 13 მონაწილეს, რომლებიც დარბევის დროს უკანონოდ დააკავეს. მათგან 12 სასტიკად ნაცემია.

DRI-ის ცნობით, დაკავებულებს აღენიშნებათ სხეულის მძიმე დაზიანებები, მათ შორის, ტვინის შერყევა, ყბის ტრავმული ართრიტი, ზედა და ქვედა კიდურების დაზიანება, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა, სილურჯეები, კოპები, ნახეთქი ჭრილობები. ორი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაცია აცხადებს, უკანონო და არალეგიტიმური ძალის გამოყენების დროს, შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის პროცესში, დაკავებულებმა დაკარგეს ან დაუზიანდათ პირადი ნივთები, მათ შორის, დაკარგულია ორი მობილური ტელეფონი, ფეხსაცმელი, სათვალე. დაზარალებულთა ჩვენებების მიხედვით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების კანონით დადგენილი წესით იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ისინი არ ატარებდნენ სავალდებულო მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს.

DRI ციტირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, დაკავებული პირი პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს. უკიდურეს შემთხვევაში, მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ეს ვადა შესაძლებელია ერთჯერადად გახანგრძლივდეს, თუმცა არაუმეტეს 24 საათისა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ არც ერთი დაკავებულის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც შეუძლებელი იქნებოდა დაკავებიდან პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დაკავების ვადის 48 საათამდე გახანგრძლივება ემსახურებოდა დემონსტრანტების დასჯას, მათთვის მიყენებული ძლიერი ფიზიკური ტკივილის გახანგრძლივებას ან/და მათი დაზიანებების საზოგადოებისთვის დამალვის მცდელობას.

DRI-ს შეფასებით, 16-17 აპრილს დაკავებულების მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.

DRI მოუწოდებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეწყვიტოს შეკრების მონაწილეების უკანონო
    დაკავებები, შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება – უზრუნველყოს
    შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა;
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს – გამომდინარე იქიდან, რომ საჯაროდ
    გავრცელებული ვიდეოკადრებით დასტურდება დაკავებულთა მიმართ
    არასათანადო მოპყრობა, სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი ჯაჭვი,
    შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ საქმის წარმოება და მიუთითოს
    მათი დაკავების უკანონობაზე;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – სრულყოფილად, ობიექტურად და გონივრულ
    ვადაში გამოიძიოს შსს-ს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ძალადობის და
    უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და დაწყებული გამოძიების ფარგლებში
    უკანონოდ დაკავებულ დემონსტრანტებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი