ახალი ამბები

ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არც 17 აპრილს შეუშვებენ

17 აპრილი, 2024 •
ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არც 17 აპრილს შეუშვებენ

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ პარლამენტის სასახლეში ხვალ, 17 აპრილსაც იმოქმედებს და ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს შენობაში შესვლა კვლავ ეკრძალებათ:

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს“ ,— აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

პარლამენტში რუსული კანონის განხილვა ორი დღეა მედიის ნაწილის დასწრების გარეშე მიმდონარეობს. პარლამენტის შენობაში შესვლა ეზღუდებათ მათ შორის ამ მედიასაშუალებების აკრედიტებულ წარმომადგენლებს. მედიასაშუალებებს შორის, რომლებიც აღნიშნული შეზღუდვის გამო პარლამენტში საქმიანობას ვერ ახერხებენ, „ნეტგაზეთიცაა“.

ხვალ, 17 აპრილს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე გააგრძელებს რუსული კანონის განხილვას.

რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი