საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის ნებისა და პარტნიორების პროტესტის ფონზე ხელისუფლების დაჟინება, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა:
„მასობრივი პროტესტის მეორე დღე თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, გაიტანოს ეს კანონი, მოსახლეობის ნების და პარტნიორების პროტესტის საწინააღმდეგოდ პირდაპირი პროვოკაციაა — დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა“ ,— წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
ვითარება დაძაბულია პარლამენტის უკანა შესასვლელთან — ასევე პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე. ადგილზე შსს-ს თანამშრომელბს განთავსებული აქვთ წყლის ჭავლის მანქანა.
ამასთან, ჩართული იყო ხმოვანი გაფრთხილება, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს. სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზეც.
აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ პოლიციამ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენა. რამდენიმე დემონსტრანტი კი პოლიციამ დააკავა. მათ შორის არის „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე, რომელმაც დაწერა, რომ პოლიციამ დაკავებისას მასზე იძალადა.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.