კომენტარისაზოგადოება

კი ევროპას, არა რუსულ კანონს – დღეს თბილისში ისევ გაიმართება 2 აქცია

17 აპრილი, 2024 • 566
კი ევროპას, არა რუსულ კანონს – დღეს თბილისში ისევ გაიმართება 2 აქცია

დღეს, 17 აპრილს, პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ ორი აქცია გაიმართება. პირველი, პარლამენტის უკან 12:00 საათზე – პლენარული სხდომის დროს, სადაც  რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხოლო მეორე – 19:00 საათზე, პარლამენტის წინ.

„საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. რუსული კანონის განხილვით ხელისუფლება კონსტიტუციას ღალატობს და ევროკავშირს გვაშორებს.

ოთხშაბათს, 17 აპრილს, რუსული კანონის კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

მოსმენის მიმდინარეობისას, 12:00 საათიდან, პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია გაიმართება.

საღამოს, 19:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ.

ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ და გააპროტესტე პოლიციის ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე.

რუსული კანონი გვეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!

რუსულ კანონს ვერ მიიღებთ!

არ გაჩერდება ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე!

#კიევროპას! #არარუსულკანონს!” – ნათქვამია აქციის ანონსში.

  •   რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა გუშინ, 16 აპრილს დაიწყო საქართველოს პარლამენტმა. კანონის განხილვას პროტესტი მოჰყვა როგორც პარლამენტში, ოპოზიციის მხრიდან, ისე ქუჩაში. მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ. რუსული კანონის განხილვა პარლამენტში დღეს, 17 აპრილს გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი