ახალი ამბები

სპეცრაზმის წევრებმა „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტსაც სცემეს

17 აპრილი, 2024 • 652
სპეცრაზმის წევრებმა „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტსაც სცემეს

გამოცემა „ტაბულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მათ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტს წაართვეს პირადი მობილური ტელეფონი:

„ჟვანიას ქუჩაზე ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და პირადი მობილური წაართვეს, როცა იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და აქციას იღებდა.

პირადი მობილური ტელეფონის წართმევის შემდეგ ტაბულას ჟურნალისტმა მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა“ ,— აცხადებენ ტაბულაში.

ასევე მათი ჟურნალისტის მიმართ ძალადობაზე წერს „აპრილი მედიაც“. გამოცემის ცნობით, ჟურნალისტ, გიორგი ბასხაჯაურს, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე პროცესებს აშუქებს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.

გამოცემის განცხადებით, როგორც გიორგი ბასხაჯაური ადგილიდან იტყობინება, მას სამართალდამცავებმა სცემეს და ჰომოფობიური ნიშნით “პი*****ტს“ ეძახდნენ.

„მცემეს, პი*****ტს მეძახდნენ, გაა*ვი აქედანო, წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ. პი*****ტს მეძახდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლი და მერე გამომიშვეს“, — ამბობს გიორგი ბასხაჯაური.

მისივე თქმით, სპეცრაზმმა ძალადობა მაშინ დაიწყო, როცა არანაირ დაძაბულობას ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ტერიტორიაზე ცოტა ხალხი იყო დარჩენილი.

მანამდე, ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სპეცრაზმელები კიდევ ერთი მედიასაშუალების, „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს, რომელიც ასევე პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა:

„რომ გამოვიდნენ და დაიწყეს დაკავებები, მეც უკან მივყვებოდი, ვიღებდი ჩვეულებრივად. უკან რომ გამოვიხედე, მომყვებოდნენ სპეცრაზმელები, რომლებმაც ხელი შემიშალეს მუშაობაში. ერთმა ტელეფონი წამართვა, მეორემ სახეში დამარტყა.

ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი. თავიდან არ ესმოდათ, მერე როგორღაც გაიგეს და ტელეფონი დამიბრუნეს“ ,— ეუბნება ქეშელაშვილი ტელეკომპანია „პირველს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი