ახალი ამბები

შეშფოთებული ვარ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის აღდგენით — ევროსაბჭოს გენმდივანი

4 აპრილი, 2024 • 766
შეშფოთებული ვარ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის აღდგენით — ევროსაბჭოს გენმდივანი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. რუსული კანონის დაბრუნების შესახებ.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის აღდგენით. გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე ამ საკანონმდებლო წინადადების გატანას. დღესაც ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძო საკითხია“, — აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავდება მხოლოდ ფორმალურად, ტერმინით — ახალ ვერსიაში „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად წერია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო ყველა მედიასაშუალება და ორგანიზაცია, რომელიც არ ექვემდებარებოდა კრემლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი