ახალი ამბები

„უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს — მილერი

16 აპრილი, 2024 • 534
„უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს — მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა 15 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს აყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებს და „გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან.“

დასმულ კითხვაზე, მაშინ, როცა ქართველი ხალხი და მთელი დასავლეთი გმობს ამ კანონს და მას მხოლოდ რუსეთი უჭერს მხარს, როგორ მოდის ეს თანხვედრაში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან, მილერმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ნება მომეცით ვთქვა, რომ ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რადგან ეს კანონპროექტი ზიანს აყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. კანონი გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ იმის გამო, რომ ეს რჩება კანონპროექტად, მე არ ვაპირებ დღეს ვისაუბრო რაიმე შედეგებზე, იმ შემთხვევაში, თუ მას კანონად მიიღებენ“ ,— განაცხადა მილერმა.

ბრიფინგზე მილერს დაუსვეს კითხვა აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთხი მოსამართლის შესახებ, ჰქონია თუ არა რაიმე სახის კომუნიკაცია საკითხზე საქართველოს ოფიციალურ პირებთან, ვინაიდან „გამოძიების ნაცვლად ქართველი ჩინოვნიკები მოსამართლეებისთვის სანქციების გაუქმებას ითხოვენ.“

„თქვენს მიერ ნახსენები სამი სანქცია დაწესდა, რათა ხელი შეუწყოს ბოროტმოქმედთა პასუხისმგებლობას, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით, საფუძველი შეურყიეს კანონის უზენაესობას და ქართულ საზოგადოებას შეულახეს რწმენა სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულებას“ ,— განაცხადა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.

დღეს, 16 აპრილს, სესიაზე საქართველოს პარლამენტი  პირველი მოსმენით დაიწყებს რუსული კანონის განხილვას, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა. პარლალეურად, 12:00 და 19:00 საათზე დაგეგმილია 2 საპროტესტო აქცია.


  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი