ახალი ამბები

ოხანაშვილი ტყუის და პარლამენტში ონლაინ მედიის არშეშვებას დეზინფორმაციას უწოდებს

15 აპრილი, 2024 • 805
ოხანაშვილი ტყუის და პარლამენტში ონლაინ მედიის არშეშვებას დეზინფორმაციას უწოდებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავნმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ცრუობს და დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბევრი მედიასაშუალების ჟურნალისტს დღევანდელ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.

აღნიშნული კითხვა ოხანაშვილს საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ დაუსვა კერძოდ, დეკანოიძემ თქვა:

„დღეს ამ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიასაშუალების ჟურნალისტს“ — თქვა დეკანოიძემ, რის შემდეგაც ოხანაშვილმა მას მიკროფონი გმაოუთო და თქვა — „ტყუილია, ჩემი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გავთიშო მიკროფონი და ვთქვა სიმართლე. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა ბევრს დასწრების შესაძლებლობა, ეს არის ტყუილი“ .

იმავე საკითხზე საუბარი სცადა დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, თუმცა ოხანაშვილმა კვლავ იცრუა, რომ არ შეუზღუდავთ საკანონმდებლო ორგანოში მედიის შეშვება.

ამასთან, ანრი ოხანაშვილი მიკროფონს უთიშავს იმ დეპუტატებს, რომლებიც „რუსულ კანონს“ ახსენებენ.

გუშინ საქართვე,ოს პარლამენტიდან „ნეტგაზეთს“ მოსწერეს, რომ 15 აპრილს პარლამენტის შენობაში შესვლა მხოლოდ აკრედიტებული ტელევიზიების წარმოამდგენლებს შეეძლებათ. დაზუსტების შემდეგ, „ნეტგაზეთს“ პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა თამარ ჯანელიძემ განუცხადა, რომ შენობაში ვერ შევიდონენ ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებული ჟურნალისტები.

იურიდიულ საკითხთა სხდომა, რომელზეც „რუსულ კანონს“ განიხილავენ, ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებული ჟურნალისტების გარეშე მიმდინარეობს.

სხდომას ვერ ესწრებიან ნეტგაზეთის, სტუდია „მონიტორის“, „პუბლიკის“, რადიო „თავისუფლების“, „ინტერპრესნიუსის“, „მთის ამბების“ და სხვა არაერთი მედიასაშუალების ჟურნალისტები.


  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი