ახალი ამბებისაზოგადოება

“დაცინვაა და თვალებში ნაცრის შეყრა” – ძიძების ასოციაცია რუსულ კანონზე

9 აპრილი, 2024 • 1420
“დაცინვაა და თვალებში ნაცრის შეყრა” – ძიძების ასოციაცია რუსულ კანონზე

“საქართველოს ძიძების ასოციაცია” ხელისუფლების მიერ კიდევ ერთხელ ინიციირებული რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდის და კანონპროექტს უწოდებს დაცინვასა და თვალებში ნაცრის შეყრას.

“აგენტების კანონპროექტი – შეცვლილი სახელით – ჩვენთვის და ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა, თვალში ნაცრის შეყრაა, როცა ვხედავთ, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი შეიძლება გეწოდოს იმის გამო, რომ შენი ქვეყნის არასახალხო პოლიტიკის და ეკონომიკის პირობებში პოულობ რესურსს და შესაძლებლობას ფუნქციონირებისთვის, შრომის პირობის გაუმჯობესებისთვის, ღირსებისთვის”, – წერს ასოციაცია ფეისბუკზე.

ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ძიძებისა და საოჯახო მშრომელების პროფკავშირული ასოციაციის შექმნის იდეით 3 წლის წინ გაერთიანდნენ, რათა ოჯახში დასაქმებული ქალების, ძიძებისა და დამხმარეების ინტერესები დაეცვათ. წლების მანძილზე მუშაობდნენ ძირითადად ენთუზიაზმით და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, მათ შორის, ფინანსური დახმარებით. ამან კი შესაძლებელი გახადა საოჯახო მშრომელებისთვის უფასო იურიდიული და პროფესიული დახმარების გაწევა.

“ფინანსური დახმარება მივიღეთ იმისთვის, რისი კეთებაც საჭიროდ და აუცილებლობად მიგვაჩნდა და დღემდე ყველაფერი, რასაც ფულით ვაკეთებთ, მშრომელების საჭიროებებს და ინტერესებს ემსახურება. ფინანსური დახმარების ფარგლებში ასოციაციაში ამჟამად სრულ განაკვეთზე მუშაობს ორი ადამიანი – მათი ხელფასი ძიძის საშუალო ხელფასის ტოლია. მაგრამ კიდევ 4 ადამიანი მუშაობს ენთუზიაზმით, ანაზღაურების გარეშე. ჩვენი ტიპის პროფკავშირული ასოციაციები, ჩვეულებრივ, წევრთა საწევრო გადასახადებით ფინანსდება უცხოურ ქვეყნებში, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ეს თითქმის შეუძლებელია. შეუძლებელია დაბალი ხელფასების, უღირსი საცხოვრებელი პირობების და უწესო საბანკო პროცენტების გამო”, – წერს ასოციაცია.


  • ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი კვლავ დააბრუნა.
  • კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
  • კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
  • ანალოგიური კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები.
  • რუსული კანონის ისევ დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – აშშ, გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა დღეს, 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი