კომენტარისაზოგადოება

„არ მინდა, ჩემს წიგნებს ეწეროს, რომ აგენტის დაწერილია“ – არჩილ ქიქოძე

8 აპრილი, 2024 • 1163
„არ მინდა, ჩემს წიგნებს ეწეროს, რომ აგენტის დაწერილია“ – არჩილ ქიქოძე

დღეს, 8 აპრილს, თბილისში, პარლამენტის ბიურომ რუსული კანონი განიხილა. კანონის განხილვა პარლამენტთან ჟურნალისტების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

რუსული კანონის განხილვას პარლამენტის წინ აპროტესტებს მწერალი არჩილ ქიქოძეც:

„თავის დროზე ეს კანონი რუსეთმაც ვითომ [სხვა ქვეყნებიდან] გადმოიღო და მერე გამოიყენა თავისი მოსახლეობის, პროგრესული ნაწილის წინააღმდეგ. აქაც ასე მოხდება – ყველანი გავხდებით ჯაშუშები.

პირველ რიგში, უმსგავსობაა, რაც ხდება, არანაირი იდეა ამის უკან არა აქვთ იმ ადამიანებს, ვინც შიგნით [პარლამენტში] სხედან და ეს არის უბრალოდ მათი კომფორტისთვის. მათ შერჩათ მხოლოდ უტიფრობა. თუ ოდესმე რაღაც იდეების მატარებლები იყვნენ, გზაში დაკარგეს.

მე არ მინდა, რომ ულიცკაიასავით [გადასარევი რუსი მწერალი] ჩემს წიგნებს ეწეროს, რომ აგენტის დაწერილია… ამას გარდა ძალიან ბევრი მიზეზით არ მინდა, ჩემი შვილებისთვის არ მინდა ასეთი ამბები… ამიტომ არის გასაპროტესტებელი. ვიცი, ძნელია, რთულია, ყველა დაღლილია, მაგრამ მართლა დაუშვებელია.

რაც იმ რუსებს დაემართათ, აქ რომ არიან და უსამშობლო ხალხი რომ არიან, განა ყველა ცუდები არიან, ისე ჩვენც – ვივლით მერე ქვეყანაზე და ვიტყვით, რომ „ორი საქართველოა, ჩვენ კარგი საქართველო ვართ, იქ ცუდი დარჩა“, მაგრამ ისე ცოტანი ვართ, რომ ჩვენს ხმასაც კი ვერავინ გაიგებს, ჩვენი არსებობაც არავის ეცოდინება, ამიტომ აქ არის ჩვენი ადგილი.

იმისთვის, რომ დავრჩეთ და საკუთარ ქვეყანაში არ ვიქცეთ ლტოლვილებად, რაღაც უნდა გავაკეთოთ.

ახლა მე რომ მამშვიდებენ, რომ მე არ მეხება, მართლა ჩემ გამო კი არ ვდგავარ აქ. ისიც ვიცი, რომ ბევრს არ მოსწონს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოქმედება, რაღაც აბეზარებად მიაჩნიათ…

საერთოდ პოსტსაბჭოთა ადამიანს, ძალიან ბევრს, ურჩევნია, რომ უბრალოდ არ იცოდეს რაღაც პრობლემების შესახებ, იმიტომაც ენატრება საბჭოთა კავშირი – არაფერი არ იცოდა, არაფერი  ეხებოდა და არაფრის გადაწყვეტა მას არ ძალუძდა და რაღაცნაირად, ბევრს ენატრება ეს დრო. ვისაც არ ენატრება – ის სხვაგან დგას, თორემ იქაც შეიძლება წესიერი ხალხი იყოს და არიან კიდეც, წესიერი და გულუბრყვილო, ოღონდ მათით სარგებლობენ მედროვეები და სხვა, არცთუ ისე სასიამოვნო ადამიანები”, – ამბობს მწერალი.

  • რა ხდება 

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს განაცხადა, რომ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას. ეს კანონპროექტი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ “ოცნებამ” უკან გაიწვია და მმართველმა პარტიამ საჯარო პირობა დადო, რომ რუსულ კანონს აღარასოდეს დაუბრუნდებოდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი