ახალი ამბებისაზოგადოება

დეკანოზი: ჩაფიქრებულია, მოვწყდეთ დასავლეთს, რომ მერე მარტო ძალიან ადვილად გადაგვყლაპონ

9 აპრილი, 2024 • 4953
დეკანოზი: ჩაფიქრებულია, მოვწყდეთ დასავლეთს, რომ მერე მარტო ძალიან ადვილად გადაგვყლაპონ

დღეს, 8 აპრილს, თბილისში, პარლამენტის ბიურომ რუსული კანონი განიხილა. კანონის განხილვა პარლამენტთან ჟურნალისტების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

რუსული კანონის განხილვას პარლამენტის წინ აპროტესტებდა დეკანოზი ზაზა თევზაძეც:

„ეს, ფაქტობრივად, არის იმაზე გაცილებით მძიმე, რაც იყო შარშან მარტის თვეში [კანონზე], რომელიც დიდი ძალისხმევით გაიწვია უკან აი, ამ რუსულმა ხელისუფლებამ. ეს რაც შემოთავაზებულია, არის გაცილებით უფრო სახიფათო, რაზეც შესაბამისი რეაქცია უნდა გამოხატოს ქართველმა ხალხმა. იმიტომ, რომ ამ კანონის გატანის შემთხვევაში, ჩვენ კარგი არაფერი გველოდება წინ.

ამას არ უნდა დიდი ფილოსოფია და დიდი წინასწარმჭვრეტელობა. ცხადზე უცხადესია, რომ ეს არის ძალიან მძიმე, არაქართული მოვლენა, სადაც ჩაფიქრებულია, რომ ჩვენ მოვწყდეთ დასავლურ ცივილიზაციას, მარტო აღმოვჩნდეთ და მერე ძალიან იოლად გადაგვყლაპონ. იმიტომ, რომ ჯერჯერობით, სანამ ჩვენ მეგობრებთან ვართ, სანამ ეს კავშირები გვაქვს, ჩვენი მორევა და დაძლევა ისე იოლი არ არის. ეს კარგადაც იციან იმათაც და ამიტომაცაა ეს ჩაფიქრებული.

ეს უბრალო რაღაც არ არის და ამისი შეფუთვა, რომ ეს თითქოს რუსული კანონი არ არის და რაღაც სხვა არის – ეს არის საშინელება. ვინ ჰგონიათ ქართველი ხალხი, რომ ამას ვერ მიხვდებიან და ვერ გაიგებენ? უბრალოდ, მეტი პროტესტია საჭირო.

იცით რა, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოგვადგენენ ჩვენ. წარმოიდგინეთ, მედიის არარსებობის პირობებში ან ფაქტობრივად ისეთი მედიის არსებობის პირობებში, რომელიც იმართება გაბატონებული ძალის მიერ, როგორი უძლური აღმოჩნდება თითოეული ჩვენგანი.

პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ეს კანონი ცალკეულ ადამიანებს/ ცალკეულ პიროვნებებს არ ეხებოდეს, მაგრამ ყველა ადამიანთან მოვა. ეს არის ჩაფიქრებული. ეს არის მიმართული ფაქტობრივად ერის დასუსტებისკენ, ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების განადგურებისკენ, მეტი არაფერი.

ამიტომ არავინ არ უნდა მოგვატყუოს და შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რომ თითქოს რაღაც სხვა არის, არაფერი მაგდაგვარი, ეს მარტივი არითმეტიკაა სულ”.

  • რა ხდება 

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს განაცხადა, რომ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას. ეს კანონპროექტი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ “ოცნებამ” უკან გაიწვია და მმართველმა პარტიამ საჯარო პირობა დადო, რომ რუსულ კანონს აღარასოდეს დაუბრუნდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი