საზოგადოება

12 ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების მოწოდება „რუსული კანონის“ გაწვევაზე

5 აპრილი, 2024 • 1175
12 ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების მოწოდება „რუსული კანონის“ გაწვევაზე

10-ზე  მეტი ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, გაიწვიოს „რუსული კანონი“ საპარლამენტო განხილვებიდან.

ამასთან დაკავშირებით ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ შესახებ პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსისაა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ბრძოლით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს.

„ჩვენ, შესაბამისი პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები აღვნიშნავთ, რომ 3 აპრილს მმართველი პარტია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გამოაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, რომელიც გასული წლის ე.წ. რუსული კანონის თითქმის იდენტური ასლია.

იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხის უზარმაზარი ზეწოლისა და სრული წინააღმდეგობის პირობებში, მმართველმა პარტიამ 2023 წლის მაისში პირობა დადო, რომ ამ კანონს საპარლამენტო განხილვებიდან „უპირობოდ გაიწვევდა“;

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსზე, რომელიც მიზნად ისახავს, დააზიანოს და დაასუსტოს საქართველოს ცოცხალი, პრო-ევროპული სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ფართოდაა ცნობილი საქართველოს უდიდეს სიძლიერედ, იმედად და სარგებლობს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეს სტატუსით ბიუჯეტისა და დაფინანსების კუთხით.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ კანონის ხელახალი შემოღება ძირს უთხრის საქართველოს ბრძოლით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, ამ კანონს აღიქვამენ, როგორც მტრულ ნაბიჯს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ. ამის გამო განცხადების ავტორები სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ ის გადადგამს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს, რათა გააგრძელოს წინსვლა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად,  საქართველომ კი ამ რეკომენდაციებიდან დღემდე მხოლოდ 3 შეასრულა;

ასევე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება , პირველი ნაბიჯი კი მოუწოდებს საქართველოს, ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ;

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს ის საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი.

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის სიმწიფეს და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით ხელმძღვანელობით. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დგას“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას უერთდებიან შემდეგი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები:

  • ჩეხეთის რესპუბლიკა,
  • დანია,
  • ესტონეთი,
  • საფრანგეთი,
  • გერმანია,
  • ირლანდია,
  • იტალია,
  • ლატვია,
  • ლიეტუვა,
  • ნორვეგია,
  • პოლონეთი,
  • გაერთიანებული სამეფო

მასალების გადაბეჭდვის წესი