ახალი ამბები

ჯანელიძე: შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ამოღებაა

5 აპრილი, 2024 • 3931
ჯანელიძე: შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ამოღებაა

„ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებაზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ერთი მხრივ, ევროკავშირი, ნატო და აშშ ამბობს, რომ ამ ნაბიჯით საფრთხე ქმნება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, მეორე მხრივ კი,  რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს:

„ერთი მხრივ, ევროკავშირი, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, და მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.

შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეგ კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენ გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა“ ,— წერს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სარკასტულად.

რა ხდება?

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს, განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი