ახალი ამბები

„სად მივდივართ? — ევროპაში ამ კანონითაც“ — მდინარაძე

4 აპრილი, 2024 • 821
„სად მივდივართ? — ევროპაში ამ კანონითაც“ — მდინარაძე

„სად მივდივართ? — ევროპაში ამ კანონითაც“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 4 აპრილს.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, მიდის თუ არა „რუსული კანონის“ დაბრუნებით ხელისუფლება ევროპაში.

მდინარაძეს ეს კითხვა მაშინ დაუსვეს, როცა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც „რუსულ კანონს“ ეწინააღმდეგება, მოუწოდებდა, რომ სპორტი პოლიტიკაში არ გარიონ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ აბრუნებს, არაერთმა ადამიანმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სიტყვები გაიხსენა: „სად მივდივართ? — ევროპაში“. სწორედ ამ სიტყვებით მიმართა მან საზოგადოებას ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ.

„ჩვენც ასე მოვიქცევით და ყველას მოვუწოდებ, იმ ბიჭებს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ნუ გავრევთ პოლიტიკურ პაექრობაში. ვიპაექროთ ჩვენ და იმ ხალხს და ფეხბურთის თემის გამოყენებას თავი დაანებონ. იმ ადამიანებმა, გმირმა ბიჭებმა უდიდესი წარმატება მოუტანეს ქართულ სახელმწიფოს და ეროვნულ ნაკრებს ევროპის ასპარეზზე ნუ გავხდით ამას დაპირისპირების საფუძვლად. სპორტსმენებს დავანებოთ თავი“, — თქვა მდინარაძემ.

კითხვაზე, თავად ამ კანონით ევროპისკენ მიდიან თუ არა, მდინარაძე პასუხობს:

„დიახ, სად მივდივართ? — ევროპაში ამ კანონითაც“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის განცხადებით, კანონი სწორედ იმიტომ დააბრუნეს გუშინ პარლამენტში, რომ მისი განხილვა ევროპის ჩემპიონატს არ დამთხვეს და მანამდე „დამთავრებული იქნება ყველაფერი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი