ონლაინ მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ რუსული კანონის მიღებას და მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს თავისუფლებაზე თავდასხმა.
მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ „რუსული კანონის“ მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე და იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში.
„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა. „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახისგან, ასამარებს დასავლურ მომავალს; რუსულმა კანონმა რუსეთში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი დარჩა, განდევნეს. რეჟიმის წინაშე რუსეთში საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი. ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ , შეწყვიტოს თავისუფლებაზე თავდასხმა“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან:
- ნეტგაზეთი/ბათუმელები
- პუბლიკა
- On.ge
- სტუდია „მონიტორი“
- ტაბულა
- პროექტი 64
- OC Media
- მთის ამბები
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- Tok Tv
„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.