ახალი ამბები

გაეროს სასამართლომ ისრაელს დაავალა, უზრუნველყოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა

29 მარტი, 2024 • 719
გაეროს სასამართლომ ისრაელს დაავალა, უზრუნველყოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ისრაელს დაავალა, უზრუნველყოს დახმარების შეუფერხებელი შესვლა ღაზაში შიმშილის თავიდან ასაცილებლად.

სასამართლომ გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო და თქვა, რომ ისრაელმა უნდა ემოქმედა „დაყოვნების გარეშე“, რათა დაუშვას „საჭირო ძირითადი სერვისები და ჰუმანიტარული დახმარება“ ღაზაში.

ისრაელმა „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდა ბრალდებებს, რომ ბლოკავს დახმარებას.

სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი მუშაობს გაეროსთან და აგრძელებს „ახალი ინიციატივების ხელშეწყობას და არსებულის გაფართოებას“, რათა დაუშვას დახმარების უწყვეტი ნაკადი ღაზაში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით.

ინტეგრირებული სურსათის უსაფრთხოების ფაზის კლასიფიკაციის (IPC) ანგარიშით, ღაზაში მცხოვრები 2,2 მილიონი ადამიანი კრიტიკულ ზღვარზეა საკვების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და ღაზის ჩრდილოეთს შიმშილი სავარაუდოდ მაისის ბოლომდე დაატყდება თავს.

თავის გადაწყვეტილებაში ICJ-მა თქვა, რომ ღაზას არათუ ემუქრება შიმშილის საფრთხე, არამედ „შიმშილობა იწყება“ და რომ, გაეროს დამკვირვებლების თანახმად, 31 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი, უკვე გარდაიცვალა კვების დეფიციტისა და გაუწყლოების გამო.

„მიუხედავად იმისა, რომ ICJ-ის გადაწყვეტილებები იურიდიულად სავალდებულოა, სასამართლოს მათი აღსრულების ნაკლები ძალაუფლება აქვს. უშიშროების საბჭო არის გაეროს ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია მიიღოს ზომები შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, — წერს BBC.

წლის დასაწყისში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), რომელიც ჰააგაშია განთავსებული, არ გამოიყენა დროებითი ზომა, რომლითაც ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას დაავალდებულებდა.

„ამ წუთებში ღაზაში ადამიანები სასიკვდილოდ შიმშილობენ“ — WFP-ს დირექტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი