ახალი ამბები

პუტინი და დანარჩენი ნაძირლები ცდილობენ, სხვას გადააბრალონ – ზელენსკი ტერაქტზე

24 მარტი, 2024 • 1436
პუტინი და დანარჩენი ნაძირლები ცდილობენ, სხვას გადააბრალონ – ზელენსკი ტერაქტზე

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი და “სხვა ნაძირლები” ცდილობენ, მოსკოვის მახლობლად მომხდარი თავდასხმა “სხვას გადააბრალონ”.

“პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას გადააბრალონ, რაც გუშინ მოხდა. მათ ყოველთვის ერთი და იგივე მეთოდები აქვთ. ეს ადრეც ვნახეთ – აფეთქებული სახლები, ჩაცხრილვა და აფეთქებები. და ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი მოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუპატიურებენ ჩვენს ხალხს – და მათ ადანაშაულებენ. მათ ასიათასობით ტერორისტი ჩამოიყვანეს აქ, უკრაინის მიწაზე, იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ და არ აინტერესებთ რა ხდება მათ ქვეყანაში”,- განაცხადა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ის ასიათასობით რუსი, რომლებიც ახლა უკრაინის მიწაზე იხოცებიან, საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტების შესაჩერებლად.

“ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიემართა, ერთი დღე დუმდა – ფიქრობდა, როგორ დაებრალებინა უკრაინისთვის. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია. და თუ რუსები მზად არიან ჩუმად მოკვდნენ “კროკუსებში” და არ დაუსვან კითხვები თავიანთ დაზვერვის სამსახურებს, მაშინ პუტინი შეეცდება, არაერთი ასეთი ვითარება გამოიყენოს თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ”, – დასძინა ზელენსკიმ.

„კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის მეორე დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და თქვა, რომ ტერაქტის ყველა შემსრულებელი და დამკვეთი დაისჯება.

პუტინის თქმით, ოთხივე დამნაშავე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ტერაქტში, უკრაინაში მიმალვის მცდელობისას დააკავეს.

ამ თემაზე:

რუსეთში ტერაქტის საქმეზე 11 პირი დააკავეს, დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი