საზოგადოება

რუსეთში ტერაქტის საქმეზე 11 პირი დააკავეს, დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა

23 მარტი, 2024 • 1575
რუსეთში ტერაქტის საქმეზე 11 პირი დააკავეს, დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა

მოსკოვის მახლობლად, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი დაშავდა.

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა ვლადიმერ პუტინს შეატყობინა 11 ადამიანის დაკავების შესახებ, რომელთა შორისაა ოთხივე ტერორისტი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ტერაქტში.

„ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტერორისტების თანამზრახველების გამოსავლენად“, — აცხადებენ კრემლში.

ФСБ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის განცხადებით, ოთხი ტერორისტი დააკავეს ბრიანსკის ოლქში, როცა ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ.

„სპეციალური სამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებების შედეგად დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი ტერორისტი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ტერორისტულ თავდასხმაში Crocus კომპლექსში“, – იტყობინება შაბათს FSB ცენტრალური ოპერაციების ცენტრი.

22 მარტს, მოსკოვის რაიონში, Crocus City Hall-ში, სადაც „პიკნიკის“ კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან თავდამსხმელები ფოიეში და საკონცერტო დარბაზში მყოფ ადამიანებს.

შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გაჩნდა, მოხდა რამდენიმე აფეთქებაც. საკონცერტო დარბაზი თითქმის მთლიანად დაიწვა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.

შენიშვნა: დაღუპულთა რაოდენობა განახლებადია

მასალების გადაბეჭდვის წესი