ახალი ამბები

მოსკოვი ცდილობს, ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს

23 მარტი, 2024 • 2658
მოსკოვი ცდილობს, ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს

„კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და თქვა, რომ ტერაქტის ყველა შემსრულებელი და დამკვეთი დაისჯება.

პუტინის თქმით, ოთხივე დამნაშავე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ტერაქტში, უკრაინაში მიმალვის მცდელობისას დააკავეს.

„მათ მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, უკრაინული მხრიდან მათთვის მზად იყო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფანჯარა. სულ 11 ადამიანი დააკავეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და სხვა სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ ტერორისტების თანამზრახველთა მთელი ქსელის გამოსავლენად: ვინც მათ ტრანსპორტით უზრუნველყოფდა, გაქცევის გზებს უსახავდა, უმზადებდა სამალავებს, იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობებს“, — განაცხადა პუტინმა.

მანამდე რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი RT-ის (Russia Today) მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაქვეყნა ორი დაკავებულის დაკითხვის ვიდეო-ჩანაწერი. ერთ-ერთი, — სიმონიანის თქმით, ბოროტმოქმედების ლიდერი, — ჩანაწერში ტაჯიკურად საუბრობს. ის ამბობს, რომ მისწერა ვინმე უცნობმა პირმა და ფულის სანაცვლოდ ხალხის მოკვლა შესთავაზა. მეორე დაკავებული თავს წარადგენს შამსიდინ ფაიდულინად. ის ამბობს, რომ რუსეთში თურქეთიდან ჩამოვიდა და „კროკუსში“ ხალხი ფულის სანაცვლოდ დახოცა. მამაკაცის თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ მას „ტელეგრამის“ საშუალებით დაუკავშირდა მქადაგებლის თანაშემწე და ნახევარი მილიონი რუბლის სანაცვლოდ ხალხის დახოცვა შესთავაზა. ის ამბობს, რომ ბარათზე ჯერ მხოლოდ თანხის ნაწილი ჩაურიცხეს.

დაკავებულები, რომლებიც გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებში ტერაქტში მონაწილეობას აღიარებენ

„ტელეგრამ“ არხებზე გავრცელდა კიდევ ერთი კაცის დაკავების კადრები. სამივე ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცს აღენიშნება დაზიანებების და სისხლის კვალი.

CNN-ის ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მომხდარ ტერაქტზე. კერძოდ, დაჯგუფებამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო მოკლე განცხადებაში, რომელიც ISIS-თან დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Amaq-მა პარასკევს Telegram-ზე გამოაქვეყნა. თუმცა რაიმე მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამავდროულად, რუსული მედია ვარაუდობს, რომ ISIS-ის განცხადება შესაძლოა ყალბი იყოს. მათი ინფორმაციით, განცხადებაში გამოყენებული იყო შაბლონი, რომელსაც ISIS-ი რამდენიმე წელია არ იყენებდა. ISIS-ის ოფიციალური არხები თავდასხმაზე არ საუბრობენ.

„როიტერსის“ ცნობით, შეერთებულ შტატების დაზვერვას აქვს ინფორმაცია, „ისლამური სახელმწიფოს“ პასუხისმგებლობის შესახებ თავდასხმაზე. ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადა, რომ ვაშინგტონმა გააფრთხილა მოსკოვი ბოლო კვირებში თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ.

რუსეთის სპეცსამსახურების წყარომ „ინტერფაქსს“ დაუდასტურა, რომ ამერიკულმა მხარემ მარლაც აცნობა რუსეთს მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, მაგრამ თქვა, რომ ეს ინფორმაცია ზოგადი იყო, დაზუსტების გარეშე.

7 მარტს, აშშ-ის საელჩომ რუსეთში გააფრთხილა აშშ-ის მოქალაქეები ექსტრემისტული საფრთხის შესახებ და მოუწოდა, მომდევრო 48 საათის განმავლობაში თავი შეეკავებინათ დიდი შეკრებებისგან, კონცერტების ჩათვლით.

„მთავარია, ამერიკის ხელისუფლებას არ დაავიწყდეს, როგორ აკავშირებდა მათი საინფორმაციო და პოლიტიკური გარემო ტერორისტებს, რომლებიც „კროკუსში“ ისროდნენ, აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციას ISIS-თან. ახლა ჩვენ ვიცით, ეს სისხლიანი ნაძირლები რომელ ქვეყანაში აპირებდნენ დევნისგან დამალვას — უკრაინაში. იგივე ქვეყანაში, რომელიც დასავლური ლიბერალური რეჟიმების ხელით ათი წლის განმავლობაში გადაიქცა ევროპაში ტერორიზმის გავრცელების ცენტრად და ექსტრემისტულ სიგიჟეში კოსოვოსაც კი გაუსწრო“, — დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ „ტელეგრამზე“.

თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ 22 მარტს განაცხადა, რომ „ამ დროისთვის არ არსებობს რამე ნიშანი იმისა, რომ უკრაინა და უკრაინელები მონაწილეობდნენ“ თავდასხმაში.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო „კროკუსში“ მომხდარ თავდასხმასთან. მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ მოსკოვი დაიწყებდა „უკრაინის კვალზე“ საუბარს, მაგრამ „აუცილებელია შემდეგი ფაქტების აღნიშვნა:

  1. ცენტრალურ რეგიონში შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი ხალხის დიდი კონცენტრაციის ადგილზე ყოველგვარი შემოწმების გარეშე შედის…
  2. 1,5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ჯგუფი აქტიურად ესვრის ხალს. სამართალდამცავების ჩარევა არ ხდება.
  3. ტერორისტების ჯგუფი სრული შემადგენლობით, იმავე მანქანებით, რომლითაც „კროკუსთან“ მივიდა, მშვიდად ტოვებს შენობას… ფრონტის ხაზის მიმართულებით. კიდევ ერთხელ – ამას აკეთებს უკვე ამოცნობილი მანქანებით…
  4. წინასწარი მონაცემები და მოწმეების ჩვენებები იძლევა თავდამსხმელთა პორტრეტებს და საკმაოდ მკაფიოდ აკავშირებს მათ ისლამისტ რადიკალებთან…
  5. ძებნილი პირები მიდიან დაბლოკილ სასაზღვრო გადასასვლელებზე, სადაც არის აქტიური ბრძოლები და სადაც ყოველი მეტრი სავსეა რუსეთის უშიშროების ძალებით, რათა მოხდეს მანიფესტური, დემონსტრაციული გადაკვეთა…“

„დასკვნა აშკარაა: უკრაინის ტერაქტთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა აბსოლუტურად დაუშვებელია. უკრაინას ოდნავი კავშირი არ აქვს ამ ინციდენტთან. უკრაინას აქვს სრულმასშტაბიანი ომი #რუსეთთან და მოაგვარებს რუსეთის აგრესიის პრობლემას — აგრესიას მიზანმიმართული ტერორისტული კომპონენტით — ბრძოლის ველზე“, — წერს პოდოლიაკი.

22 მარტს, მოსკოვის რაიონში, Crocus City Hall-ში, სადაც „პიკნიკის“ კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან თავდამსხმელები ფოიეში და საკონცერტო დარბაზში მყოფ ადამიანებს.

შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გაჩნდა, მოხდა რამდენიმე აფეთქებაც. საკონცერტო დარბაზი თითქმის მთლიანად დაიწვა.

თავდასხმის შედეგად 130-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი დაშავდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.

არაერთმა ევროპელმა ლიდერმა დაგმო თავდასხმა და გამოხატა სოლიდარობა მსხვერპლთა მიმართ, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. ინტერპოლმა რუსეთის ხელისუფლებას მკვლელობების გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.

საქართველოს მთავრობამ დაგმო მოსკოვში მომხდარი ტერორისტულ აქტი და სამძიმარი გამოუცხადა რუს ხალხს.

24 მარტი რუსეთში გლოვის დღეს გამოცხადდა.

რუსეთში ტერაქტის საქმეზე 11 პირი დააკავეს, დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი