ახალი ამბები

„თურმე „ოცნება“ უნდა ემუდაროს ოპოზიციას, EU-ში ინტეგრაციას როგორმე სადმე მხარი დაუჭირონ“ — ბოჭორიშვილი

21 მარტი, 2024 • 1208
„თურმე „ოცნება“ უნდა ემუდაროს ოპოზიციას, EU-ში ინტეგრაციას როგორმე სადმე მხარი დაუჭირონ“ — ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კვლავ ირწმუნება, რომ ევრონესტში მის მიერ მომზადებული საგანგებო რეზოლუციას ინიციირებისთვის ხელმოწერები საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის დელეგაციიდან სჭირდებოდა და არა სრულიად ევროპარლამენტიდან.

საუბარია საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით შემუშავებულ საგანგებო რეზოლუციის პროექტზე, რომელიც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტით, გადაუდებელ თემაზე რეზოლუციის ინიციირება შეუძლია ასამბლეის მინიმუმ 10 წევრს, მინიმუმ ორი დელეგაციის ან ევროპარლამენტის ორი პოლიტიკური ჯგუფიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი არ არის, რეზოლუციის პროექტის თანასპონსორები მხოლოდ იმ ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ, რომელსაც რეზოლუცია ეხება.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში 110 დეპუტატია: 60 წევრი ევროპარლამენტიდან, 50 კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ბელარუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია).

თუმცა, ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ინტერესების დაცვა ევროპარლამენტარებზე მეტად საქართველოს ოპოზიციას ევალება. მისი თქმით, ევროპარლამენტარების ვალდებულება თავისი ამომრჩევლის და საკუთარი ქვეყნის ინტერესის დაცვაა და სხვაზე ფიქრი და ზრუნვა არანაირად არ ევალებათ.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევრონესტის საგანგებო რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციამ ბევრი ტყუილი გაავრცელა, რასაც დღეს, 21 მარტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა.

„საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საგანგებო რეზოლუციის ინიციატივა დავარეგისტრირე უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციების ხელმძღვანელებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რომ ტექსტს ექნებოდა მათი მხარდაჭერა (პროექტი სამ ქვეყანას ეხებოდა და ბუნებრივია, ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, რომ ტექსტი წარგვედგინა ასამბლეისთვის)“, — აცხადებს ბოჭორიშვილი.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ოპოზიციის მტკიცება, რომ „არ იცოდნენ“ საგანგებო რეზოლუციის შესახებ, ტყუილია. მისი თქმით, მართლაც რომ დამალვა სდომებოდა, უკვე დარეგისტრირებულ ტექსტს ვერ დამალავდა, რადგან ოფიციალურად იყო გაგზავნილი პოლიტიკურ ჯგუფებთან.

„როგორც თავად აღიარებენ, თურმე ცვლილება უნდოდათ ტექსტში, რაც იმას ადასტურებს, რომ იცოდნენ და წაკითხულიც ჰქონდათ (აბა, ისე რის შეცვლას აპირებდნენ გაუგებარია)“, — აცხადებს ბოჭორიშვილი და დასძენს, რომ პირადად მას ჰქონდა ოპოზიციასთან შეთავაზება, ხელი მოეწერათ ინიციატივისთვის.

„პირადად ჩემი საუბრის და შეთავაზების გარდა, დღის განმავლობაში დელეგაციის სამდივნომ რამდენჯერმე შეახსენა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ხელმოწერის საკითხი, თუმცა მათგან დასტური არ მიგვიღია.

ოპოზიციის მცდელობა, წარმოაჩინონ, თითქოს 10 მხარდამჭერი ვერ ვიშოვე ამხელა ევროპარლამენტში, არის აბსურდული უცოდინარობა! საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ინიციატივას სჭირდებოდა ხელმოწერები ამ სამი დელეგაციიდან და არა სრულიად ევროპარლამენტიდან, რაც მარტივი იქნებოდა, რომ არა უკრაინის დელეგაციის და ქართული ოპოზიციის უარი ხელმოწერაზე. სწორედ მათი უარის გამო, ევრონესტის ბიურომ ვეღარ წარადგინა რეზოლუციის ტექსტი სესიაზე, რადგან მას ჰქონდა ინიციატორი სამი დელეგაციიდან მხოლოდ 8 ხელმოწერა: 5 – საქართველოს დელეგაციიდან (მხოლოდ ქართული ოცნების წევრების) და 3 – მოლდოვის დელეგაციიდან“, — აცხადებს ბოჭორიშვილი.

როგორც ბოჭორიშვილი წერს, მისთვის ოპოზიციის სახე ახალი აღმოჩენა არ ყოფილა, თუმცა „ამ დონის პოლიტიკურ უმეცრებასაც“ არ მოელოდა.

„თურმე, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაუღეჭოს, დაუმარცვლოს, ეხვეწოს, ემუდაროს, ოპოზიციას, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას იქნებ, როგორმე, სადმე მხარი დაუჭირონ. პოლიტიკურად სწორად მოაზროვნე ადამიანი შეთავაზებას არც კი დაელოდებოდა, თვითონ მოითხოვდა ხელი მომაწერინეთ საქართველოს სასიკეთო ტექსტზეო.

თურმე ევროპარლამენტარებს უნდა მოეწერათ ხელი, ჩვენ რას გვიყურებდითო… ოპოზიციის „რკინის ლოგიკა“ გვეუბნება, საქართველოს ინტერესების დაცვა სხვას უფრო ევალება, ვიდრე მათ“, — წერს ბოჭორიშვილი.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების ვალდებულება თავისი ამომრჩევლის და საკუთარი ქვეყნის ინტერესის დაცვაა და არანაირად არ ევალებათ მათ სხვაზე ფიქრი და ზრუნვა.


„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, ევრონესტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის მიღება ვერ მოხერხდა, რადგან ქართველმა ოპოზიციონერებმა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა მის თანასპონსორობაზე უარი განაცხადეს.

რეზოლუციის პროექტის ავტორი იყო „ქართული ოცნების“ წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, ბოჭორიშვილს მათთან რეზოლუციის ტექსტი არ შეუთანხმებია.

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის დასაინიციირებლად საჭირო 10 ხმა ვერ შეაგროვა და ბიურომ ამიტომ ვერ გაიტანა საკითხი პლენარულ სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი