ახალი ამბები

„ოცნება“ ოპოზიციასა და უკრაინას ევრონესტში რეზოლუციის ვერმიღებაში ადანაშაულებს

20 მარტი, 2024 •
„ოცნება“ ოპოზიციასა და უკრაინას ევრონესტში რეზოლუციის ვერმიღებაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, ევრონესტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის მიღება ვერ მოხერხდა, რადგან ქართველმა ოპოზიციონერებმა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა მის თანასპონსორობაზე უარი განაცხადეს.

რეზოლუციის პროექტის ავტორი იყო „ქართული ოცნების“ წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, ბოჭორიშვილს მათთან რეზოლუციის ტექსტი არ შეუთანხმებია.

ბოჭორიშვილი კი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს არაერთხელ შესთავაზეს, მათაც მოეწერათ ხელი რეზოლუციის პროექტისთვის.

„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ინიციატივა, რომ დაგვეინიციირებინა რეზოლუცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ მხარს დაუჭერდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ რეზოლუციას მხარს უჭერდა მოლდოვის დელეგაცია, თუმცა უკრაინის პოზიციისა და ოპოზიციის წევრების გამო, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს აღნიშნულ ტექსტს, შეუძლებელი გახდა აღნიშნულ რეზოლუციაზე მუშაობის გაგრძელება.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას არ აქვს რეალური ინტერესი, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ჰქონდეს მხარდაჭერა. ერთადერთი ინტერესია, როდესაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რაიმე ფორმატი ან რაიმე პლატფორმა იყოს გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, მაშინ ისინი მომართული არიან და მზად არიან ყოველთვის, ეს გააკეთონ“, — განუცხადა ჟურნალისტებს მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ათი ხელმოწერა სჭირდებოდა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში კი „ქართულ ოცნებას“ ოთხი დეპუტატი ჰყავს. ოპოზიციიდან დელეგაციაში არიან: ანი წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, გიორგი ვაშაძე და თამარ კორძაია.

„ნაციონალურ მოძრაობის“ განცხადებით, „ქართული ოცნება“ დეზინფორმაციას ავრცელეს, რომ თითქოს ევრონესტში ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან რეზოლუციას.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინიცირება სცადა ევრონესტის ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრების გვერდის ავლით.

ენმ-ის განცხადებით, რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 წევრის ხელმოწერაა საჭირო, რაც მაკა ბოჭორიშვილმა ვერ შეაგროვა და რეზოლუციის ინიცირების მცდელობა ევრონესტის ბიუროზე ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ჩავარდა, რომელზეც „საქართველოს მხოლოდ ქალბატონი ბოჭორიშვილი წარმოადგენს და არავინ ოპოზიციური პარტიებიდან“.

„არ ყოფილა საუბარი და ჩვენ ერთად არ გვიმსჯელია, რომ ასეთი კონკრეტული რეზოლუცია გადიოდა. დელეგაციის ხელმძღვანელს და ამ რეზოლუციის ავტორს არ უსაუბრია, რომ ასეთი რეზოლუცია უნდა მიღებულიყო. სამწუხაროა, რომ ეს რეზოლუცია, ალბათ, თავიდანვე იმისთვის შედგა, რომ მხარი არ დაჭერილიყო და ამიტომ არ იყო კომუნიკაცია ჩვენთან. რა შედეგიც მივიღეთ, რა თქმა უნდა, ეს არის საზიანო ჩვენი სახელმწიფოსთვის, პირდაპირ ვიტყვი“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინელი დეპუტატის, ვოლოდიმირ არიევის განცხადებით, ისინი რეზოლუციის თანასპონსორები ვერ იქნებოდნენ, რადგან საქართველო რუსეთს დასავლური სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.

ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვიყავით ხმის მისაცემად, მაგრამ არ ვართ მზად, ამის თანაავტორები ვიყოთ ქართული პოლიტიკის გამო. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ ჩვენს ამას ჯერჯერობით არ გავაკეთებთ, ვიდრე საქართველო დასავლური სანქციების გვერდის ავლით რუსეთის მუდმივი მხარდამჭერი იქნება. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ამაზე სათანადოდ უნდა ვისაუბროთ და განვიხილოთ“, — განაცხადა ვოლოდიმირ არიევმა [რუსთავი 2-ის თარგმანი].


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელარუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. ასამბლეა 2011 წლის 3 მაისს ბრიუსელში დაფუძნდა. დამფუძნებელ აქტს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის პრეზიდენტებმა და ევროპარლამენტის წევრებმა მოაწერეს ხელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი