საზოგადოება

“ოცნებამ” 110-წევრიან ევრონესტში 10 ხმის მოგროვება ვერ შეძლო რეზოლუციის ინიციირებისთვის

20 მარტი, 2024 • 3847
“ოცნებამ” 110-წევრიან ევრონესტში 10 ხმის მოგროვება ვერ შეძლო რეზოლუციის ინიციირებისთვის

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის დასაინიციირებლად საჭირო 10 ხმა ვერ შეაგროვა და ბიურომ ამიტომ ვერ გაიტანა საკითხი პლენარულ სხდომაზე.

„ფორმალურად, რეზოლუცია არ იყო ინიციირებული. წესები ძალიან მარტივია — ინიციატორს სჭირდება ათი ხელმოწერის მოგროვება. რამდენადაც მესმის, დელეგაციის ხელმძღვანელმა ხელმოწერების შეგროვება ვერ შეძლო. წესები მკაცრია და როდესაც გუშინ ბიუროს დღის წესრიგში დადგა საკითხი, აღმოჩნდა, რომ საკმარისი ხელმოწერები არ იყო. ამიტომ ფორმალურად იძულებული ვიყავით გვეთქვა, რომ არ შეგვიძლია ამ რეზოლუციის პლენარულ სხდომის დღის წესრიგში შეტანა“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით შემუშავდა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მხარდამჭერი საგანგებო რეზოლუციის პროექტი, რომლის ინიციირება ჩავარდა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტით, გადაუდებელ თემაზე რეზოლუციის ინიციირება შეუძლია ასამბლეის მინიმუმ 10 წევრს, მინიმუმ ორი დელეგაციის ან ევროპარლამენტის ორი პოლიტიკური ჯგუფიდან.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში 110 დეპუტატია: 60 წევრი ევროპარლამენტიდან და 50 აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ბელარუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია).

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 სესიაზე, რომელიც ბრიუსელში 19-20 მარტს გაიმართა, საქართველო დელეგაციის 9 წევრით იყო წარმოდგენილი: 5 „ოცნებიდან“ და 4 ოპოზიციიდან.

„ქართული ოცნება“, რომელმაც 100-ზე მეტ დეპუტატში 10 მხარდაჭერის მოგროვება ვერ შეძლო, რეზოლუციის ინიციირების ჩავარდნაში ქართულ ოპოზიციას და უკრაინას ადანაშაულებს.

„ინიციატივას მხარი დაუჭირა მოლდოვას დელეგაციის სამმა დეპუტატმა, რომლებიც ბრიუსელში იმყოფებოდნენ. უკრაინის დელეგაციის მხრიდან გამოხატული თავდაპირველი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინელმა დეპუტატებმა უარი თქვეს რეზოლუციის თანასპონსორობაზე და პროექტის წარსადგენად ხელმოწერაზე. ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის გარდა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის ოთხი წარმომადგენელი. მათ არაერთხელ ეთხოვათ რეზოლუციის პროექტის ინიციირების მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეზოლუციის პროექტის ინიციირებას ხელი არ მოაწერეს“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატის და მოლდოვას დელეგაციის 3 დეპუტატის გამოხატული მხარდაჭერა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას განეხილა და მიეღო რეზოლუცია, რომელიც საგანგებოდ მიეძღვნებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად.

რა ეწერა რეზოლუციის პროექტში?

დასაინიციირებელი რეზოლუციის პროექტით,

  • ასამბლეა გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის მიმართ და მოითხოვდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება უკრაინაში და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ძალები;
  • მიესალმება საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ძალისხმევას რეფორმების განხორციელების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებაში და მოუწოდებს მათ, გააძლიერონ რეფორმების გზა ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად;
  • მიესალმება კომისიის მიერ მუშაობის დასრულებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოზე, რომელიც ექვემდებარება საბჭოს მიერ დამტკიცებას;
  • მოუწოდებს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე მუშაობისკენ, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად;
  • მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, ახალი იმპულსი მისცენ გაფართოების პროცესს და შეასრულონ თავიანთი დაპირებები გაწევრიანების ფაზაში კონკრეტული პოზიტიური ნაბიჯებით;

ტექსტში გამოთქმული ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან და ანექსიის გაძლიერების გამო, რაც ევროპაში სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალდატანებით შეცვლის მცდელობას წარმოადგენს.

ამ თემაზე:

„ოცნება“ ოპოზიციასა და უკრაინას ევრონესტში რეზოლუციის ვერმიღებაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი