ახალი ამბები

ოლაფ შოლცი პუტინს არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს

18 მარტი, 2024 • 706
ოლაფ შოლცი პუტინს არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევას არ მიულოცავს.

ოფიციალური ბერლინი თვლის, რომ რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერმა ორშაბათს განაცხადა.

“შედეგები წინასწარ იყო განსაზღვრული”, – თქვა სპიკერმა მთავრობის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ბერლინში, სადაც რუსეთი დიქტატორულ რეჟიმად მოიხსენიეს.


რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 15-17 მარტს გაიმართა.

რუსეთის ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც რეალური ოპოზიციის გარეშე ჩატარდა, ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს.

არჩევნებში ფორმალურად ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი (ლიბერალ-დემოკრატიული პარტია), ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) და ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი).

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა რეალური ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს და არც ომის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე კანდიდატს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის საელჩოს მინისტრმა და მრჩეველმა ალექსანდრ ჟუროვმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის 97%-მა ხმა მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისცა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა, ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი