უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინა თავს არა რუსული სიტყვებისგან, არამედ რუსული ტყვიებისგან იცავს და, შესაბამისად, მის ქვეყანას არა პუტინთან მოლაპარაკებებში მხარდაჭერა, არამედ შესაბამისი შეიარაღება სჭირდება.
„არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მშვიდობას სისუსტის გამოვლენით მოიპოვებ. მშვიდობა ჯილდოა მხოლოდ ძლიერებისთვის“, — თქვა ზელენსკიმ სამიტზე.
ზელენსკი სიტყვით გამოსვლისას შეეხო მსჯელობებს რუსეთთან კომპრომისებზე წასვლის შესახებ.
„ივლისში, დიდ ბრიტანეთში გამართული სამიტის შემდეგ აქტიური საუბარი მიდის პუტინთან დანებებაზე, უკან დახევაზე, რაღაც ტიპის „დათმობების განხორციელებაზე“. ეს მიუღებელია უკრაინისთვის და თვითმკვლელობის ტოლფასია მთელი ევროპისთვის.
[…] ჩვენ თავს ვიცავთ არა რუსული სიტყვებისგან, არამედ რუსეთის თავდასხმებისგან. ამდენად, შესაბამისი შეიარაღება გვჭირდება და არა მხარდაჭერა მოლაპარაკებებში. პუტინთან ჩახუტება არავის არაფერს უშველის. ზოგიერთი თქვენგანი პუტინს 20 წელია ეხუტება, მაგრამ ამით საქმე მხოლოდ გაუარესდა. პუტინი მარტო ომზე ფიქრობს და მას არაფერი შეცვლის. მხოლოდ წნეხს შეუძლია, რომ უკან დაახევინოს.
[…] პასუხი ამ ომის გამო რუსეთმა უნდა აგოს და არა უკრაინამ. ისე, რომ რუსეთმა ვეღარასდროს შეძლოს თავისი პრეტენზიების გამოცხადება გარშემო სხვა ქვეყნებთან — დაწყებული ბალტიის ქვეყნებიდან, დამთავრებული ბალკანეთის ქვეყნებით. ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ლიდერი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და ახლა აქ ზის, უნდა აცნობიერებდეს, რომ მტაცებელს მსხვერპლი არასდროს ყოფნის და ყოველთვის მეტსა და მეტს ითხოვს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელ პარტნიორებს, რომ ომის დასასრულებლად მხარი დაუჭირონ უკრაინის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელიც მთავარ ნაბიჯებად მოიაზრებს ბირთვულ, ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებას, ასევე, რუსების პატიმრობაში მყოფი უკრაინელების დახსნას.
„უკრაინა მადლიერია მთელი იმ მხარდაჭერის გამო, რასაც ჩვენი პარტნიორებისგან ვიღებთ. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ კონსტრუქციული იდეის განსახილველად, რაც ჩვენს ქვეყანას მშვიდობას მოუტანს, […] მაგრამ ომი უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს და უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა დადგეს დღის წესრიგში და რა — არა“, — აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ზელენსკი ასევე შეეხო ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების თემას.
„ფინეთისა და შვედეთის სწრაფმა გაწევრიანებამ ნატოში აჩვენა, როგორ წარმოუდგენიათ ევროპისა და ალიანსის ლიდერებს გარანტირებული უსაფრთხოება — ეს არა სიტყვებით, არამედ ნატოს დახმარებით ხდება. უკრაინას ეს ყურადღების მიღმა არ დარჩენია“, — აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვებასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა უფრო მეტად გაძლიერდება, რადგან სწორედ ძლიერი ამერიკა სჭირდება ევროპას და თავის მხრივ ძლიერი ევროპა სჭირდება ამერიკას.