თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 15 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

ინფორმაციას ამის შესახებ Süddeutsche Zeitung ავრცელებს. გერმანული გამოცემის ცნობით, საუბარი ხანგრძლივი მომზადების შემდეგ, პარასკევს, შუადღეს შედგა. საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, სატელეფონო საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.

ბერლინსა და მოსკოვში ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

შეგახსენებთ, რომ პუტინსა და შოლცს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის 2 დეკემბერს შედგა.

„უკრაინული პრავდას“ ცნობით, გერმანიის კანცლერი არის პირველი ლიდერი უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნებიდან, რომელმაც პუტინთან პირდაპირი კონტაქტები აღადგინა.

ცოტა ხნის წინ პუტინმა განაცხადა, რომ რაღაც ეტაპზე დასავლური სახელმწიფოების ლიდერები თითქმის ყოველ კვირას ურეკავდნენ, შემდეგ კი კომუნიკაცია მოულოდნელად შეწყვიტეს.

„არ უნდათ, ნუ უნდათ… როგორც ხედავთ, ჩვენ ცოცხლები ვართ და კარგად ვართ, ვვითარდებით, წინ მივდივართ“, — თქვა პუტინმა.