ახალი ამბები

პუტინის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი ამბობს, რომ საქართველოში ისევ არ შემოუშვეს

18 მარტი, 2024 • 13093
პუტინის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი ამბობს, რომ საქართველოში ისევ არ შემოუშვეს

რუსი აქტივისტი მაქსიმ ივანცოვი ფეისბუკის პირადი გვერდიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ არ შემოუშვეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის. საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით. ივანცოვი ფეისბუკზე გასულ თვეშიც წერდა. მაშინ ამბობდა, რომ საქართველოში შემოსვლას კვლავ ეცდებოდა და იმავეს იმეორებს ახლაც.

“აჰა, ისევ არ შემიშვეს საქართველოში. არც ის ბოლო შემთხვევა იყო შეცდომა, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცალკეული თანამშრომლების დამოუკიდებელი მოქმედება. არ შემიშვეს, დიდი ალბათობით, იმიტომ, რომ ნადეჟდინისთვის ხელმოწერებს ვაგროვებდით”, – წერს რუსი აქტივისტი.

ივანცოვი ხელმძღვანელია არასამთავრობო ორგანიზაციისა Frame, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატად ოპოზიციონერის, ბორის ნადეჟდინის რეგისტრაციისთვის ხელმოწერებს აგროვებდა თბილისში. როგორც თებერვალში, ისე ახლაც, რუსი აქტივისტი თვლის, რომ საქართველოში არშემოშვების მიზეზი სწორედ ესაა და მაგალითად მოჰყავს პუტინის მოწინააღმდეგე სხვა აქტივისტებიც, რომელთაც, მისი თქმით, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.

“არ ვიცი, მითითებები მოსკოვიდან მოდის თუ პუტინისა და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ საქართველოში ომის მოწინააღმდეგე ათობით რუსი აქტივისტი არ შეუშვეს. […] ჩვენ არც დამნაშავეები ვართ და არც  ქართველი ხალხის მტრები. ჩვენ ვართ უფლებადამცველები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც ვიბრძვით უზურპატორი, მკვლელი პრეზიდენტისა და მისი ამალის წინააღმდეგ, რომელთაც რამდენიმე ომი წამოიწყეს, მათ შორის საქართველოსთან. ვებრძვით ადამიანს, რომელმაც მსოფლიო ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ მთელი კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის დაწყებისა და ატომური ბომბის გამოყენების შიშით ცხოვრობს. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე მხარე აირჩიეს, ან ეშინიათ და ვერ უწევენ წინააღმდეგობას, რომ ცივილიზებული სამყაროს გვერდით იდგნენ”, – წერს ივანცოვი და იმასაც ამატებს, რომ საქართველოში მორიგ ჯერზე შემოსვლას აპრილში ეცდება. ზაფხულისთვის კი მოუწოდებს ყველა იმ აქტივისტს, ვინც აქამდე არ შემოუშვეს საქართველოში, ერთად წამოვიდნენ.


მაქსიმ ივანცოვი ამბობს, რომ ორგანიზაცია „Frame“ წლების მანძილზე სამოქალაქო განათლებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია იყო.  2012 წელს, როცა კრემლმა „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა, გუნდმა ორგანიზაცია დახურა და ხელახლა გახსნა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ ვითარება უფრო გართულდა.

„ვინაიდან უცხოურ დაფინანსებას ვიღებდით, ომის დაწყების შემდეგ ნათელი გახდა, რომ რუსეთში შეუძლებელი იქნებოდა, გვეთანამშრომლა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, რომელთა დიდი ნაწილიც სახელმწიფო მოხელეები იყვნენ… მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ ადამიანს არ სურს, იცხოვროს ფაშისტურ ქვეყანაში“, — დასძენს მაქსიმი.

Frame-ის გუნდი თბილისში გადმოსვლის შემდეგ ბეთლემის ქუჩაზე დაფუძნდა.

17 იანვარს ბორის ნადეჟდინმა განაცხადა, რომ მისმა კამპანიამ კანდიდატად დასარეგისტრირებელი ხელმოწერების შეგროვება თბილისშიც დაიწყო.

ნადეჟდინის შტაბი თბილისში ერთი პატარა, ხელმოწერებისთვის განკუთვნილი ფურცლებით სავსე მაგადითა და შტაბის ერთი წევრით იყო წარმოდგენილი. ფართი მათ არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-მა გამოუყო.

მაშინ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ ივანცოვი ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობდა, რომ რუსეთში ხელისუფლების არმოსაწონი ღონისძიებებისა და სხვა აქტივობებისთვის სივრცის გამოყოფა ხშირად ცუდად მთავრდება:

„რუსეთში შტაბს რომ გახსნი, რაღაც ისეთს აკეთებ, რაც ხელისუფლებას არ მოსწონს. ამას უამრავი პრობლემა სდევს თან. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სწორი იქნება დახმარება. სწორედ ამიტომ გადავიწყვიტეთ, უფასოდ დაგვეთმო ფართი“.

ამ თემაზე გირჩევთ:

რატომ და ვისთვის ხსნიან რუსეთის მოქალაქეები ახალ სივრცეებს თბილისში

ვინ არის რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატი ნადეჟდინი და რატომ უგროვებენ მას ხელმოწერებს თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი