საზოგადოება

ვინ არის რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატი ნადეჟდინი და რატომ უგროვებენ მას ხელმოწერებს თბილისში

20 იანვარი, 2024 • 2830
ვინ არის რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატი ნადეჟდინი და რატომ უგროვებენ მას ხელმოწერებს თბილისში

რუსი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი, ფაქტობრივად, უცნობი იყო არა მარტო ქართული, არამედ რუსული საზოგადოებისთვის – მანამ, სანამ წინა წლის ოქტომბერში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა და მისი კანდიდატად დარეგისტრირებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებას, მათ შორის, თბილისშიც არ დაიწყებდნენ.

ნადეჟდინი საპრეზიდენტო არჩევნების სხვა მონაწილეებისგან მართლაც განსხვავდება, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ღიად ამბობს, უკრაინაში მიმდინარე ომს არ უჭერს მხარს. თუმცა, მისი პოზიცია ამ და სხვა, მათ შორის, საქართველოს საკითხებზე, არაერთგვაროვანია.

18 იანვრისთვის, თბილისში ნადეჟდინისთვის, დაახლოებით, 300-მდე ხელმოწერა შეგროვდა, უთხრა „ნეტგაზეთს“ მისი შტაბის წარმომადგენელმა. ამავე დროს, რუსეთის ყველა მოქალაქე, ვისაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, ამბობს, რომ კანდიდატს მხარს არ უჭერს და ხელმოწერის დატოვებას სხვა მიზეზებით ხსნის.

ამ სტატიაში მოგიყვებით, ვინ არის ბორის ნადეჟდინი, რა (არ) აქვს ნათქვამი რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წლის ომზე და რას ფიქრობენ მასსა და არჩევნებში მის პერსპექტივებზე რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებმაც თბილისში მის მხარდასაჭერად ხელმოწერა დატოვეს.

ვინ არის ბორის ნადეჟდინი?

1963 წელს დაბადებულმა ნადეჟდინმა პოლიტიკური კარიერა 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ არაერთ პოლიტიკურ პარტიასა თუ გაწევრიანებაში მოასწრო ყოფნა:

  • 1991-95 წლებში – „დემოკრატიული რეფორმების მოძრაობის“ წევრი; ამ პარტიის დამაარსებელთა შორის იყო ანატოლი სობჩაკიც, ვლადიმერ პუტინის მაშინდელი უფროსი;
  • 1995-99 წლებში იყო მაშინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის მხარდამჭერი „ერთობისა და თანხმობის პარტიაში“;
  • 1999-ში გადავიდა ბორის ნემცოვის „მემარჯვენე ძალთა კავშირში“, სადაც 2008 წლამდე დარჩა;
  • 2008-დან, „მემარჯვენე ძალათა კავშირის დაშლის“ შემდეგ, გაწევრიანდა „მემარჯვენე საქმეში“ და პარტია 2011 წელს დატოვა;
  • 2011-2022 წლებში არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, 2023-ში კი გაწევრიანდა „სამოქალაქო პლატფორმაში“, რომლის სახელითაც იყრის კენჭს.

ნადეჟდინმა, პოლიტიკაში გატარებული 30 წლის დიდი ნაწილი სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოში გაატარა – მრავალი წელი იყო სხვადასხვა რეგიონული თუ მუნიციპალური პარლამენტის წევრი, 1999-2003 წლებში კი რუსეთის სახელმწიფოს დუმის წევრი „მემარჯვენე ძალთა კავშირის“ სიიდან.

ამასთან ერთად, 1997-98 წლებში იყო ბორის ნემცოვის, მაშინდელი ვიცე-პრემიერის მრჩეველი და პრემიერ-მინისტრ სერგეი კირიენკოს [დღეისთვის, პუტინის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკი] თანაშემწე.

ბორის ნემცოვი და ბორის ნადეჟდინი, 1990-იანი წლები.

ასევე, 2019 წელს ნადეჟდინი მოსკოვის ოლქის ქალაქ დოლგოპრუდნის საქალაქო საბჭოს არჩევნებზე კრემლის კონტროლირებადი, ე.წ. სისტემური ოპოზიციის პარტიის, „სამართლიანი რუსეთის“ სიას ჩაუდგა სათავეში, თუმცა თავად პარტიის საქმიანობაში არ მონაწილეობდა. 2020 წელს გამოვიდა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, რომლითაც პუტინს პრეზიდენტის პოსტზე გატარებული ვადები გაუნულდა.

პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებისგან მას კრემლის ოფიციალური ხაზის საწინააღმდეგო განცხადებები ახასიათებს. მაგალითად, 2023 წლის მაისში ფედერალური ტელეარხის, „ენ-ტე-ვეს“ ეთერში ნათქვამი აქვს, რომ რუსეთს სჭირდება პრეზიდენტი, „რომელიც შეაჩერებს ამ ისტორიას [სრულმასშტაბიან შეჭრას] უკრაინასთან“; აგრეთვე, იგი საუბრობს პოლიტპატიმრების განთავისუფლების აუცილებლობაზე.

უკრაინასთან „ამ ისტორიის შეჩერების“ სურვილის მიუხედავად, ნადეჟდინმა Sova News-თან ინტერვიუში თავი შეიკავა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან, განაცხადა რა, რომ მათი საკითხი „მოლაპარაკების, სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხია“. ამასთან ერთად, მან თქვა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ვლადიმერ პუტინს არ გადასცემს, თუ პრეზიდენტი გახდება.

ამავე ინტერვიუში მას ჰკითხეს 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე – წარსულში ნადეჟდინმა ომში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. ეს პოზიცია მან ახლაც შეინარჩუნა:

„კარგად არ მესმის, რისი იმედი ჰქონდა, როცა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. რაც გამოვიდა, ის გამოვიდა. პატივს ვცემ ქართველ ხალხს და ბუნებრივია, მესმის ტკივილი 2008 წლის ამ ისტორიაზე… ბოლოს და ბოლოს, ესეც უნდა მოვაგვაროთ“.

პირდაპირ ნადეჟდინმა არც იმას უპასუხა, მიიჩნევს თუ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებს: „ყირიმისა და დონბასისგან განსხვავებით, რუსეთმა თავის შემადგენლობაში არც აფხაზეთი მიიღო და არც სამხრეთ ოსეთი. ესე იგი, არის საფუძველი რაღაც შეთანხმებისთვის“.

მორიგი „ლიბერალური კანდიდატი“?

რუსეთში ვლადიმერ პუტინის დიქტატურის პირობებში, დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის ხელისუფლებას თანხმობის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია არათუ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, არამედ მონაწილეობაც კი. ასე, ამავე არჩევნებზე არ დაუშვეს ნადეჟდინზე ბევრად ნაკლებად ცნობილი კანდიდატი ეკატერინა დუნცოვა, რომელიც აგრეთვე გამოდიოდა უკრაინასთან ომის წინააღმდეგ.

მიხაილ პროხოროვი და ქსენია სობჩაკი / © Wikipedia Commons

როგორც წესი, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი ან ხუთი ძირითადი კანდიდატია – თავად ვლადიმერ პუტინი, საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები და ერთი ე.წ. ლიბერალი კანდიდატი/სპოილერი – 2018 წელს ასეთად ქსენია სობჩაკი მოგვევლინა, 2012-ში კი – ოლიგარქი მიხაილ პროხოროვი. გამარჯვების რეალური შანსის არქონის მიუხედავად, ისინი პროცესის დემოკრატიულობის იმიტაციას უწყობენ ხელს. თავად ნადეჟდინი აცხადებს, რომ მისი კამპანია კრემლთან არაა შეთანხმებული და იგი არც „კანდიდატი-სპოილერია“.

რა შუაშია საქართველო?

17 იანვარს ნადეჟდინმა განაცხადა, რომ მისმა კამპანიამ კანდიდატად დასარეგისტრირებელი ხელმოწერების შეგროვება თბილისშიც დაიწყო.

ნადეჟდინის შტაბი თბილისში ერთი პატარა, ხელმოწერებისთვის განკუთვნილი ფურცლებით სავსე მაგადითა და შტაბის ერთი წევრითაა წარმოდგენილი. ფართი მათ არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-მმა გამოუყო.

მაგიდა, სადაც ხელმოწერებს აგროვებენ / © „ნეტგაზეთი“|ნიკა ბურდული

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ ივანცოვი იხსენებს, რომ რუსეთში ხელისუფლების არმოსაწონი ღონისძიებებისა და სხვა აქტივობებისთვის სივრცის გამოყოფა ხშირად ცუდად მთავრდება და დასძენს:

„რუსეთში შტაბს რომ გახსნი, რაღაც ისეთს აკეთებ, რაც ხელისუფლებას არ მოსწონს. ამას უამრავი პრობლემა სდევს თან. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სწორი იქნება დახმარება. სწორედ ამიტომ გადავიწყვიტეთ, უფასოდ დაგვეთმო ფართი“.

18 იანვრისთვის თბილისში ნადეჟდინისთვის, დაახლოებით, 300-მდე ხელმოწერა შეგროვდა, უთხრა „ნეტგაზეთს“ მისი შტაბის წარმომადგენელმა. რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც ნადეჟდინის კანდიდატურისთვის ხელმოწერა დატოვეს, გვიყვებიან, რომ თავად კანდიდატი დიდად არ მოსწონთ და იზიარებენ აზრს, რომ რუსეთში არჩევნების გზით სერიოზული ცვლილებების მიღწევა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, ნადეჟდინისთვის ხელმოწერის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:

  • არჩევნების დიდწილად ფორმალური ხასიათის მიუხედავად, უკეთესია, მხარი დაუჭირო ნებისმიერს, პუტინის გარდა;
  • ემიგრაციის მიუხედავად, უკმაყოფილება გამოხატო კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკით;
  • გამოიყენო რუსული საზოგადოების ანტი-პუტინისტური ნაწილის კონსოლიდაციის ნებისმიერი შესაძლებლობა.

22 წლის ვერა ოლენიკოვა გვიყვება, რომ საქართველოში ომის დაწყებიდან მალევე ჩამოვიდა, იქამდე კი აქტიურად მონაწილეობდა ოპოზიციურ აქტივობებში და არაერთხელ იყო დაკავებული. იგი აღნიშნავს, რომ არა ნადეჟდინის, არამედ ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მხარდაჭერია, თუმცა მისი პოზიცია შემდეგია: „ვინმე, პუტინის, და მისი ახლო მეგობრების გარდა. თუნდაც, კატა“.

„ვფიქრობ, როგორც რუსეთის ემიგრირებულმა მოქალაქეებმა, რაღაცნაირად უნდა გამოვხატოთ უკმაყოფილება, ვცადოთ ბრძოლა. კი ბატონო, ქარის წისქვილთან ბრძოლის მსგავსად ჟღერს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ“, – ეუბნება იგი „ნეტგაზეთს“.

ვერა ოლენიკოვა / © „ნეტგაზეთი“|ნიკა ბურდული

ნადეჟდინის პერსპექტივების მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი დაშა ზოლოტარიოვაც. მისი თქმით, არ შეუძლია თქვას, რომ ნადეჟდინზე, მთლიანობაში, საკმარისი ინფორმაცია აქვს, თუმცა დასძენს:

„ვფიქრობ, ახლა ჯანსაღი ოპოზიციის არარსებობა გვაიძულებს, არაფერს და არავის არ დავუჯეროთ. თუმცა, ვინც არ არის პუტინის ახლო მეგობარი, და კიდევ უფრო უკეთესი, მისი მტერია, არის ხალხი, ვისაც ავტომატურად ვგულშემატკივრობ“.

ზოლოტარიოვას თქმით, არ სჯერა, რომ მისი ხმა და ხელმოწერა რამეს შეცვლის, – „გამომერთო ღილაკი, რომელიც იმედსა და რწმენაზეა პასუხისმგებელი“, – მაგრამ ხაზს უსვამს, რომ თუნდაც ამ ხელმოწერით თავს უფრო მშვიდად გრძნობს. „განა მჯერა, რომ ახლა რამის შეცვლა შეიძლება, მაგრამ გადავწყვიტე, სხვაგვარად ვაკეთო – რასაც ადრე ვაკეთებდი, არ იმუშავა“, – ეუბნება იგი „ნეტგაზეთს“.

დაშა ზოლოტარიოვა / © „ნეტგაზეთი“|ნიკა ბურდული

მაქსიმ ივანცოვი, რომლის გუნდმაც ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვებისთვის საოფისე ფართის გამოყოფა გადაწყვიტა, აგრეთვე არაა კანდიდატის მხარდამჭერი, თუმცა ისიც იზიარებს, რომ ნებისმიერი სხვა პუტინზე უკეთესია.

„რბილად რომ გითხრათ, არ ვარ ნადეჟდინის მხარდამჭერი. ერთი ადამიანი მოვიდა, ქუჩის კატა დაინახა და თქვა, კატა სჯობს პუტინსო. [..] ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ არაფერი შეიცვლება და რეპრესიები გაძლიერდება, მაგრამ როცა არის რაღაც შანსი და რაღაც შესაძლებლობები, თუნდაც მიზერული, ისინი უნდა გამოვიყენოთ.

ეს არაა არჩევნები, რომელშიც მიზანი გამარჯვებაა. ესაა შანსი, ვაჩვენოთ ჩვენი პოზიცია და შეცვალოთ რუსეთში თავისუფლების შეზღუდვისა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმის ტრენდი.

არავის აქვს წარმოდგენა, რომ პუტინის თანხმობითვე ნადეჟდინი მოვა და მას დაამარცხებს. მთავარი ისაა, რომ არის შანსი საზოგადოების რაღაც კონსოლიდაციისთვის, ხელისუფლებისთვის, სულ მცირე, არასტაბილურობის ატმოსფეროს შექმნისთვის. გორბაჩოვის პერესტროიკაც რომ გავიხსენოთ, თავიდან ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, შემდეგ კი უკონტროლო გახდა“, – გვეუბნება ივანცოვი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი