ახალი ამბები

თბილისში მცხოვრები რუსი აქტივისტი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

26 თებერვალი, 2024 • 837
თბილისში მცხოვრები რუსი აქტივისტი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

თბილისში მცხოვრებმა რუსმა აქტივისტმა მაქსიმ ივანცოვმა ფეისბუკზე განათავსა განცხადება, სადაც ჰყვება, რომ საქართველოში “არ შემოუშვეს”.  

ივანცოვი არის აქტივისტი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა Frame, რომელმაც სივრცე დაუთმო რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატად ოპოზიციონერის, ბორის ნადეჟდინის რეგისტრაციისთვის ხელმოწერების შეგროვებას თბილისში,

ივანცოვი აცხადებს, რომ ლიეტუვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრინავდა, თუმცა სამართალდამცველებმა ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს და Wizz Air-ის რეისით უნგრეთში გაგზავნეს.

“მათ მომცეს ფურცელი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არ მიშვებდნენ ქვეყანაში. მეგონა, რომ ასეთი შემთხვევების ტრადიციულ საბაბად „სხვა მიზეზები“ იქნებოდა დაწერილი, მაგრამ ასე არ ეწერა ფურცელზე. პოლიციის თანამშრომლები გვთავაზობენ მიზეზების გარკვევას მათ ვებსაიტზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე სხვა ქვეყანაში ვიქნებოდი”, – წერს ივანცოვი ფეისბუკზე.

რუსი აქტივისტი მიიჩნევს, რომ მიზეზი, რის გამოც ეს შემთხვევა მოხდა, ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვების ხელშეწყობაა. 

“მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პრობლემები შეექმნა და უკვე დიდი ხანია შეიმჩნევა, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკივნეულად რეაგირებს არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ საჯარო განცხადებებზე, არამედ რუს ანტიპუტინისტ აქტივისტებზეც”, – ამბობს ივანცოვი.

ივანცოვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში გაფრენას არ დაეთანხმებოდა, პოლიციელები ემუქრებოდნენ, რომ  რუსეთში დააბრუნებდნენ.

“ვუთხარი, რომ მჭირდებოდა სიტუაციაში გარკვევა. მათ უხეშად საუბარი დაიწყეს და ფიზიკურად, უხეშად მიბიძგეს თვითმფრინავისკენ წასვლა. კაპიტანი დაგვხვდა. მის თვალწინ ვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი და ვთქვი, რომ არ მინდოდა ფრენა, სანამ ადვოკატს არ დაველაპარაკებოდი და არ გავარკვევდი ჩემს უფლებებს”, – წერს რუსი აქტივისტი. 

“პოლიციის თანამშრომლები რეგულარულად მოდიოდნენ და ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე, რომ გავფრენილიყავი. არ ვთანხმდებოდი, სანამ ადვოკატთან საუბრის საშუალებას არ მომცემდნენ. ამბობდნენ, რომ მე რუსეთის და საქართველოს მტერი ვარ, საქართველო კი ისინი არიან. მათი თქმით, პოლონეთისა და ლატვიის მტერიც ვარ, რომლებიც ჩემს მიღებაზე არ დათანხმდნენ”, – ამბობს ივანცოვი. 

მაქსიმ ივანცოვი ფეისბუკზე წერს, რომ “ისევ და ისევ ეცდება საქართველოში შემოსვლას”:

“მე გავასაჩივრებ როგორც გადაწყვეტილებას, ასევე იმ მოპყრობას, რომელიც მივიღე და მივმართავ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს” ,- წერს მაქსიმ ივანცოვი.

ნეტგაზეთი ელის შსს საპასუხო კომენტარს ივანცოვის განცხადებაზე.


მაქსიმ ივანცოვი ამბობს, რომ ორგანიზაცია  „Frame“ წლების მანძილზე საქმიანობდა რუსეთში სამოქალაქო განათლებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში.  2012 წელს, როცა კრემლმა „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა, გუნდმა ორგანიზაცია დახურა და ხელახლა გახსნა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ ვითარება უფრო გართულდა.

„ვინაიდან უცხოურ დაფინანსებას ვიღებდით, ომის დაწყების შემდეგ ნათელი გახდა, რომ რუსეთში შეუძლებელი იქნებოდა, გვეთანამშრომლა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, რომელთა დიდი ნაწილიც სახელმწიფო მოხელეები იყვნენ… მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ ადამიანს არ სურს, იცხოვროს ფაშისტურ ქვეყანაში“, — დასძენს მაქსიმი.

თბილისში გადმოსვლის შემდეგ გუნდმა სახლი იქირავა ბეთლემის ქუჩაზე და იქ განაგრძო საქმიანობა. ამავე სივრცეში, რომელსაც “სახლი ბეთლემზე” უწოდეს, შეხვედრების ოთახის გვერდით და გარე პერიმეტრზე გაიხსნა კაფე-ბარიც.

17 იანვარს ბორის ნადეჟდინმა განაცხადა, რომ მისმა კამპანიამ კანდიდატად დასარეგისტრირებელი ხელმოწერების შეგროვება თბილისშიც დაიწყო.

ნადეჟდინის შტაბი თბილისში ერთი პატარა, ხელმოწერებისთვის განკუთვნილი ფურცლებით სავსე მაგადითა და შტაბის ერთი წევრით იყო წარმოდგენილი. ფართი მათ არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-მმა გამოუყო.

მაშინ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ ივანცოვი ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობდა, რომ რუსეთში ხელისუფლების არმოსაწონი ღონისძიებებისა და სხვა აქტივობებისთვის სივრცის გამოყოფა ხშირად ცუდად მთავრდება:

„რუსეთში შტაბს რომ გახსნი, რაღაც ისეთს აკეთებ, რაც ხელისუფლებას არ მოსწონს. ამას უამრავი პრობლემა სდევს თან. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სწორი იქნება დახმარება. სწორედ ამიტომ გადავიწყვიტეთ, უფასოდ დაგვეთმო ფართი“.

ამ თემაზე გირჩევთ

რატომ და ვისთვის ხსნიან რუსეთის მოქალაქეები ახალ სივრცეებს თბილისში

ვინ არის რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატი ნადეჟდინი და რატომ უგროვებენ მას ხელმოწერებს თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი