საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და ფაქტი კანონდარღვევად მიიჩნია.
“რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნა არის საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა.
საზღვრების ეს აშკარა უგულებელყოფა კიდევ ერთხელ ამხელს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს”, — წერს ზურაბიშვილი X-ზე.
Russia's opening of polling stations in Georgia's #Abkhazia and #Tskhinvali regions is a blatant violation of Georgia's sovereignty and international law
This blatant disregard for borders yet again exposes Russia's imperial ambitions
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 18, 2024
ფაქტის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ კონკრეტული ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
“ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება უკანონოა ოკუპაციის ფონზე, რაც დადგენილია მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებით, და იმ პირობებში, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა” ,- ვკითხულობთ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, მისცენ სათანადო შეფასება აღნიშნულ საკითხს და რეაგირება მოახდინონ “ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ”.
რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 15-17 მარტს გაიმართა.
საარჩევნო უბნები გაიხსნა აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო ტერიტორიებზეც.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის საელჩოს მინისტრმა და მრჩეველმა ალექსანდრ ჟუროვმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის 97%-მა ხმა მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისცა.
რუსეთის საელჩოს წინასწარი მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის 12 საარჩევნო უბანზე 17 ათასამდე ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად.