ახალი ამბები

თებერვალში ფულადი გზავნილები 27%-ით შემცირდა, მათ შორის რუსეთიდან — სამჯერ

15 მარტი, 2024 • 1002
თებერვალში ფულადი გზავნილები 27%-ით შემცირდა, მათ შორის რუსეთიდან — სამჯერ

2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი (723.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.9%-ით (100.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილების სტატისტიკას 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

მთლიანი ჩარიცხული მოცულობის 38,79% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 61,21$ — დანარჩენ ქვეყნებზე.

რუსეთი პირველ ადგილზეა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით. 2024 წლის თებერვალში რუსეთიდან საქართველოში 62,2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (187,3 მლნ) დაახლოებით სამჯერ ნაკლებია.

რუსეთიდან გზავნილები ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო 2022 წლის მაისში, ნოემბერსა და დეკემბერში. რუსეთიდან ტრანსფერების მოცულობას დაღმავალი ხასიათის აქვს 2023 წლის მარტიდან. 2024 წლის იანვართან შედარებით, ტრანსფერების მოცულობა უმნიშვნელოდ, 7,9%-ით შემცირდა.

რუსეთიდან ფულადი გზავნილების დინამიკა. წყარო: ეროვნული ბანკი

2024 წლის თებერვალში ფულადი გზავნილების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ათეული (ფრჩხილებში მითითებულია ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი):

რუსეთი – 62,2 მლნ აშშ დოლარი (-66.8%);
იტალია – 43,97 მლნ აშშ დოლარი (13.08%);
აშშ – 41,21 მლნ აშშ დოლარი (35.33%);
ისრაელი – 20,43 მლნ აშშ დოლარი (24.54%);
საბერძნეთი – 18.99 მლნ აშშ დოლარი (9.28%);
გერმანია – 18,1 მლნ აშშ დოლარი (23.36%);
ყაზახეთი – 10,6 მლნ აშშ დოლარი (-17.83%);
თურქეთი – 7,74 მლნ აშშ დოლარი (-11.67%);
ესპანეთი – 5 მლნ აშშ დოლარი (16.25%);
ირლანდია – 4,63 მლნ აშშ დოლარი (61.18%).

2024 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.0 მლნ აშშ დოლარი (77.0 მლნ ლარი) გაიგზავნა, რაც 2023 წლის თებერვლის (27.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1%-ით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი