ახალი ამბები

TDI: რელიგიის თავისუფლების მხრივ მოჩვენებითი სტაბილურობა რეპრესიული პოლიტიკის შედეგია

25 მაისი, 2023 • 929
TDI: რელიგიის თავისუფლების მხრივ მოჩვენებითი სტაბილურობა რეპრესიული პოლიტიკის შედეგია

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ 2022 წელი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ღიად ანტიდემოკრატიული და ანტი-დასავლური პოლიტიკით გამოირჩეოდა.

ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ამგვარი პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. TDI-ის თქმით, ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის თვალსაზრისით საგანგაშო უკუსვლა, ბუნებრივია, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობაზეც აისახა.

ანგარიშის ავტორების თქმით, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული ყველა სისტემური პრობლემა კვლავ გადაუჭრელი დარჩა. კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ, არ ყოფილა მცდელობა კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რომელიც მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს ქონებრივ და საგადასახადო უფლებებსა და პრივილეგიებს. პირიქით, საანგარიშო პერიოდში ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ათავისუფლებს სამხედრო ვალდებულებისგან.

ამასთან, ორგანიზაციის თქმით, არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების ქონებრივი და საკუთრების საკითხები კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არ გადადგმულა ნაბიჯები საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დასაბრუნებლად და რესტიტუციის პოლიტიკის შესამუშავებლად. TDI აღნიშნავს, რომ დადებითი სიახლეა, რომ 2022 წელს ებრაულმა საზოგადოებამ მოახერხა თბილისში მდებარე ძველი სინაგოგის ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ორგანიზაციის განცხადებით, ეს უფლება ებრაულმა თემმა 2001 წელს სასამართლოს გზით მოიპოვა, თუმცა მას შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდებოდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის განმავლობაში შენარჩუნდა ხელისუფლების მიერ ახალი სამლოცველოების მშენებლობისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის პრაქტიკაც. კერძოდ, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბათუმში მუსლიმები კვლავ ღია ცის ქვეშ ლოცულობენ, რადგან ბათუმის მერია, 2017 წლიდან მოყოლებული, უკანონოდ და დისკრიმინაციულად აცხადებს უარს ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. მუსლიმების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას კი TDI-ს თქმით, განგრძობითი ხასიათი აქვს.

რელიგიური გაერთიანების ქონებასა და დამოუკიდებლობას უკავშირდება საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის საქმეც, რომელიც ერთადერთი სამლოცველოს დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. ანგარიშის ავტორების განცხადებით, 2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ევანგელისტური ეკლესიის პასტორს მოსარჩელისთვის იმ თანხის გადახდა დააკისრა, რომელიც ეკლესიის შემოწირულებებით წლების განმავლობაში გროვდებოდა სამლოცველოს ასაშენებლად.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ევანგელისტური ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული საქმე, რომელსაც კერძო სამოქალაქო დავის ფორმა აქვს, შესაძლოა, ხელისუფლების რეპრესიული რელიგიური პოლიტიკის ნაწილი იყოს.

ამასთან, TDI აცხადებს, რომ დაბალია საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის გამოვლენის მაჩვენებელი, თუმცა სტატისტიკის საპირისპიროდ, ორგანიზაციის განცხადებით, არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები კვლავ აღნიშნავენ, რომ სკოლებში კანონის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები ხშირია.

„დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ შენარჩუნდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესი, რომელშიც ადამიანის უფლებების ექსპერტებიც მონაწილეობენ და საკონკურსო სახელმძღვანელოების შინაარსს დისკრიმინაციის თვალსაზრისით აფასებენ“ — ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წელს საქართველოში ანტისემიტიზმის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ კვლავ პრობლემურია ანტისემიტიზმი მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების რიტორიკაშიც.

ანგარიშის ავტორების თქმით, რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა, გასულ წლებთან შედარებით, კვლავ დაბალია, თუმცა პრობლემად რჩება არა გამოძიების დაწყების, არამედ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენისა და მსხვერპლთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების გაჭიანურება, რაც კი პირდაპირ აისახება ამგვარ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში დამდგარი გადაწყვეტილებების რაოდენობის სიმცირეზე.

ამასთან, ანგარიშის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ 2021 წელს გასაჯაროებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდო უკანონო თვალთვალის ფაილების საქმე კვლავ გამოუძიებელია. TDI აღნიშნავს, რომ ფაილებით დადასტურდა, რომ ხელისუფლება მასშტაბურ ზეწოლას და კონტროლს ახორციელებს სასულიერო პირებსა და, ზოგადად, რელიგიის სფეროზე.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ ანგარიშში აცხადებს, რომ სახელმწიფოს არა სეკულარული პოლიტიკა მაღალი თანამდებობის პირების ქმედებებსა და რიტორიკაშიც ვლინდება. TDI-ს განცხადებით, ხელისუფლების ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის ნაწილი პოპულისტური რელიგიური შინაარსიცაა. კერძოდ, ანგარიშის ავტორების თქმით, ისინი მუდმივად ცდილობენ მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტით სპეკულირებას და ამის ხარჯზე უმცირესობების უფლებების უგულებელყოფას.

„ძირითადი ტენდენციები რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში არსებული პრობლემების აქტუალობა შესუსტებულია. ზედაპირზე ნაკლებად ჩანს ახალი, ხისტი და ძალადობრივი შემთხვევები, შემცირებულია დანაშაულის სტატისტიკა, პრობლემებზე შედარებით იშვიათად ლაპარაკობენ თავად რელიგიური გაერთიანებებიც, ქვეყნის საერთო პრობლემურ საკითხებშიც რელიგიის თავისუფლების თემატიკა ნაკლებად ჩნდება. შესაბამისად, ერთი შეხედვით, ვითარება თითქოს სტაბილურია და მნიშვნელოვან რეგრესს არ განიცდის.

თუმცა, რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის, სახელმწიფო პოლიტიკის და სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს „სტაბილურობა“ მოჩვენებითია. სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ტრანსფორმაცია 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისთანავე გამოჩნდა, როდესაც მუსლიმები მასშტაბური და სისტემური დევნის მსხვერპლი გახდნენ. მალევე, 2014 წელს, პრემიერის დაქვემდებარებაში შეიქმნა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომლის მანდატი პრობლემური და ბუნდოვანია“ — ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის ავტორების თქმით, სააგენტომ 2015 წელს გამოაქვეყნა დოკუმენტი „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია“. TDI-ს შეფასებით, სტრატეგიის შინაარსმა და მასში დასახულმა მიზნებმა აჩვენა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების უფლებების დაცვა კი არ არის, არამედ მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდო ფაილებითაც დასტურდება, რომ რეალურად რელიგიურ გაერთიანებებზე ხელისუფლების წნეხი და მათი კონტროლი საგანგაშოა. შესაბამისად, TDI მიიჩნევს, რომ შეიძლება ითქვას, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია, ხოლო მოჩვენებითი სტაბილურობა ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის შედეგია.

ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მთავარ ფოტოზე: მოხეში მუსლიმები ღია ცის ქვეშ ლოცულობენ, 2016 წელი. TDI-ის არქივიდან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი