ახალი ამბები

კეზერაშვილი აშშ-ში ვიზის ვერ მიღებას “ოცნების ცილისწამების კამპანიას” უკავშირებს

13 მარტი, 2024 • 1182
კეზერაშვილი აშშ-ში ვიზის ვერ მიღებას “ოცნების ცილისწამების კამპანიას” უკავშირებს

დავით კეზერაშვილისთვის აშშ-ში ტურისტული ვიზის არმიცემის საკითხსა და ამ თემაზე ამერიკაში მიმდინარე იურიდიულ პროცესს თავდაცვის ყოფილი მინისტრი წარმომადგენლის განცხადებით ეხმაურება.

კეზერაშვილის წარმომადგენლის განცხადებას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

“საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლება განმეორებითად უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა დავით კეზერაშვილს სხვადასხვა მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე.

ამ დრომდე ყველა სასამართლომ ევროპაში, რომელმაც განიხილა ეს ბრალდებები, დაინახა მათი ნამდვილი ხასიათი – რომ ეს არის პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის გაჩუმებაა. მძლავრი პოლიტიკური მოტივაციები დაინახა ინტერპოლმაც, რომელმაც დიდი ხნის წინ შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნების გათვალისწინება.

მას შემდეგ, რაც ევროპაში ამოწურეს სასამართლოები და მართლმსაჯულების ორგანოები, რომლებიც მათ მოუსმენდნენ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცილისწამების კამპანია ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართა.

დავით კეზერაშვილმა აშშ-ში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზას მიმართა, რომ შესაბამისი უწყებებისგან გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში მოიპოვოს მის შესახებ დოკუმენტებზე წვდომა. ეს წმინდად პროცედურული საკითხია და არ აქვს სხვა იმპლიკაციები, გარდა დავით კეზერაშვილის მოტივაციისა, რომ სრულად იყოს ინფორმირებული პროცესისა და დოკუმენტაციის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფორმულა ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კეზერაშვილის წარმომადგენლის ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.


ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტუმრისთვის განკუთვნილი, B2 ტიპის ვიზა არ მისცა. შესაბამისად, ამ დროისათვის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებს.

ამის შესახებ ცნობილი გახდა სარჩელიდან, რომელიც დავით კეზერაშვილმა აშშ-ში, კოლუმბიის ოლქის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს წარადგინა. ვიზის არმიცემაზე ინფორმაცია თავდაპირველად რადიო „თავისუფლებამ“ 12 მარტს გაავრცელა.

სარჩელის მიხედვით, კეზერაშვილმა აშშ-ის საკონსულოს ვიზის მისაღებად კვიპროსში მიმართა 2023 წლის 4 აპრილს და იმავე წლის 18 ივლისს უარი მიიღო.

ვიზაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს (GBP) 2023 წლის 1 მაისის დადგენილება, რაც ეფუძნება აშშ-ის „იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I)  მუხლს.

აღნიშნული მუხლი ადგენს იმ საფუძვლების ნაწილს, რის გამოც ვიზის მომთხოვნს შეიძლება უარი ეთქვას ვიზაზე. კეზერაშვილისთვის უარის საფუძვლად მითითებული მუხლის კონკრეტული ნაწილის მიხედვით, კონსულს აქვს ვიზაზე უარის საფუძველი, თუ იცის, აქვს მიზეზი, ან სჯერა, რომ ვიზის მომთხოვნი რაიმე ფორმით ჩართულია, ან უნდა ჩართვა, ან აშშ-ში იმის გამო სურს შესვლა, რომ ჩაერთოს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულში.

ვიზაზე უარის შემდეგ დავით კეზერაშვილმა 2023 წლის 23 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა წერილით და „ინფორმაციის თავისუფლების აქტის“ საფუძველზე გამოითხოვა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. თუმცა კეზერაშვილმა ეს ინფორმაცია კოლუმბიის ოლქის სასამართლოში სარჩელის წარდგენის მომენტამდე ვერ მიიღო. მისი სარჩელი სწორედ აღნიშნული ინფორმაციის არმიღებას უკავშირდება.

დავით კეზერაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სამი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს: 1. პასუხის დროულად ვერგაცემა; 2. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ვერმოძიება; 3. ინფორმაციის უკანონოდ არგაცემა.


აშშ-ის ვიზის მოთხოვნიდან მალევე, 2023 წლის 12 აპრილს, BBC-იმ (დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი) ე.წ. ქოლცენტრების თაღლითური სქემის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, სადაც აღნიშნული სქემის ავტორად სწორედ კეზერაშვილი დაასახელა.

თავად კეზერაშვილმა ე.წ. ქოლცენტრების უკანონო სქემასთან დაკავშირებით ნებისმიერი ბრალდება მაშინვე უარყო. მან თქვა, რომ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას აპირებს BBC-ის საგამოძიებო მასალაში „ფაქტების უზუსტობის“ გამო.

BBC-ის ფილმიდან მალევე დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულაში“ თავისი წილის 51%-დან 25% თანამშრომლებს გადაუფორმა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წელს დავით კეზერაშვილს მისი თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდის (2006-2008) საქმეზე 5 წელი მიუსაჯა. მანამდე ამ საქმეზე კეზერაშვილი წინა ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა.

საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას. კეზერაშვილი აღნიშნულს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ის ამ დრომდე კვიპროსში ცხოვრობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი