ახალი ამბები

კეზერაშვილი: ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე, რაც გაუფორმებელია — შსს-ს ჩადებულია

6 დეკემბერი, 2024 •
კეზერაშვილი: ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე, რაც გაუფორმებელია — შსს-ს ჩადებულია

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი განცხადებას აქვეყნებს მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით.

კეზერაშვილი აცხადებს, რომ მის სახლში, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ამოღებული იარაღის ნაწილი შსს-მ ჩადო. ამასთანავე, ამოღებული იარაღის ნაწილი მის კუთვნილებაშია და გაფორმებულიც არის, ამბობს იგი.

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს. იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში, დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ჰქონდა როგორც ე.წ. შსს-ს, ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემს სხვა ქონებასთან ერთად არერთხელ იქნა დაყადაღებული.

ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნა 12 წელზე მეტია გრძელდება, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გომელაურის კრიმინალური დაჯგუფება უკეთებს საქართველოს თავისუფლების მოყვარულ ხალხს თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. საქართველოში დაშინებას და დევნას შედეგი არც აქამდე გამოუღია და არც მომავალში გამოიღებს“, — წერს იგი.

შსს-მ ასევე ჩხრეკა ჩაატარა დიმიტრი ჩიქოვანის [„ენმ“] სახლში. ის კეზერაშვილის მეუღლის ძმაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი