საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ბრიტანულ ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ სამართლებრივი დავა მოუგო.
„ტელეკომპანია BBC-მ, ჩემ მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები. BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო, რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემ მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას“, — წერს იგი და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხარჯებსაც ტელეკომპანია აუნაზღაურებს.
„ბი-ბი-სიმ“ “ნეტგაზეთს” წერილობით აცნობა, რომ კეზერაშვილთან სასამართლოს მიღმა მიაღწია შეთანხმებას. ამასთან ერთად, ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა განცხადება „შესწორებების და განმარტებების“ სექციაში, სადაც საუბარია მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებზე და მათ შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციაზე, თუმცა არაფერია ნათქვამი „ქოლ-ცენტრების“ თემაზე. “ნეტგაზეთმა” BBC-ს ამ თემაზე დამატებითი კითხვები გაუგზავნა და ამ თემას კვლავ დავუბრუნდებით.
„ბი-ბი-სის“ მიერ 2023 წლის 11 აპრილს გამოქვეყნებული საგამოძიებო სიუჟეტი, სახელად „ნადირობა ბიზნესმენზე, რომელიც მილიარდიანი აფიორის უკან დგას“, აღარ იძებნება არც მათ ვებ-გვერდზე და არც სხვა პლატფორმებზე.
2023 წელს, როცა “ბი-ბი-სიმ” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება კეზერაშვილზე, ამ უკანასკნელმა საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, ბრალდებები უარყო და „ყველა სამართლებრივი ბერკეტის“ გამოყენება დააანონსა.
სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
დავით კეზერაშვილის სახელი თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან კავშირში აქამდე ხშირად ფიგურირებდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ. 8 დეკემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმაც განაცხადა, რომ კეზერაშვილის ქოლ-ცენტრები რუსეთშიც მოქმედებდა.