ახალი ამბები

როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები სადღეღამისო მოვლის დაწესებულებებში – ომბუდსმენის ანგარიში

13 მარტი, 2024 • 685
როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები სადღეღამისო მოვლის დაწესებულებებში – ომბუდსმენის ანგარიში

იმის მიუხედავად, ახალგაზრდობისას როგორი იყო ადამიანის მატერიალური მდგომარეობა, ხანდაზმულ ასაკში მნიშვნელოვნად მცირდება მისი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. ხშირად, ამას თან სდევს ოჯახის წევრების მხრიდან უგულებელყოფა, მარტოხელობა, საცხოვრებლის დაკარგვა და ოჯახში ძალადობაც კი.

სახალხო დამცველის ეს დასკვნა 2023 წელს ბოლნისში, ქარელში, გორსა და თბილისში მდებარე ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში ჩატარებულ მონიტორინგს ეფუძნება. მონიტორინგის დროს, ყველა დაწესებულებაში ერთად 56 ხანდაზმული ცხოვრობდა.

ანგარიშის მიხედვით:

  • სპეციალურ სადღეღამისო დაწესებულებებში ხანდაზმულები, შესაძლოა, საკუთარი ნების წინააღმდეგ იმყოფებოდნენ. სახალხო დამცველმა აღრიცხა შემთხვევები, როცა დაწესებულებაში მიღების ფორმაზე ხელს არა თავად ხანდაზმული, არამედ მისი ოჯახის წევრი აწერს;
  • ამგვარ დაწესებულებათა ნაწილი არ არის კეთილგანწყობილი და ადაპტირებული. ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ, ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან;
  • ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებზე ზრუნვა ძირითადად ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამოიწურება, ხოლო ზრუნვის ხარისხი არ შეესაბამება მინიმალურ მოთხოვნებს;
  • დაწესებულებაში უგულებელყოფილია ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვა;
  • დაწესებულებაში დარღვეულია კვების სტანდარტი. მენიუს შემადგენლობა ღარიბი და არასრულფასოვანია. არ არის დაცული საკვების ენერგეტიკული ღირებულებების ბალანსი და ერთფეროვანია;
  • ბენეფიციარების ძირითადი ნაწილი ინფორმირებული არ არის საკუთარი უფლებების შესახებ;
  • სერვისებში არ არის გათვალისწინებული ხანდაზმული ასაკის ბენეფიციართა ემოციური მოწყვლადობა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ ექცევა სათანადო ყურადღება. ამასთანავე, ბენეფიციართა შორის ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ბენეფიციართა სიხშირე მაღალია.

სახალხო დამცველმა გამოკვეთა ამგვარი დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალთან დაკავშირებული პრობლემები. აღმოჩნდა, რომ ერთი მხრივ, ირღვევა მათი შრომითი უფლებები, მეორე მხრივ კი, მათ არ აქვთ სპეციალური ცოდნა ხანდაზმულთა მოვლისა და საჭიროებებზე ზრუნვის შესახებ. გარდა ამისა, მათ არ აქვთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც საგრძნობლად სწრაფია მოსახლეობის დაბერების ტენდენცია. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა ერთადერთი ასაკობრივი ჯგუფია ქვეყანაში, რომლის რიცხოვნობაც ზრდადია.

საქართველოში ხანდაზმულები მოსახლეობის განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფია – მაღალია ხანდაზმულთა შორის სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სიხშირე. 65 და მეტი წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის 84%-ის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიაა და ყოველი მე-5 არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემებით, საქართველოში ხანდაზმული მოსახლეობის 52% თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს. UNFPA-ს კვლევის მიხედვით, ხანდაზმულები ემოციურ მარტოობას უფრო განიცდიან (28%), ვიდრე სოციალურს (16%). ამას საქართველოში ხანდაზმულთა დღის ცენტრების, კლუბების და ისეთი სოციალური სივრცეების არარსებობაც უწყობს ხელს, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა ექნებოდათ.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ხანდაზმულთა საკითხების მიმართ თანმიმდევრული და აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაა – ხანდაზმულთა მიმართ ყურადღება ძირითადად ხანდაზმულობის პენსიის საკითხით შემოიფარგლება.

მონიტორინგის ფარგლებში სახალხო დამცველმა შეისწავლა ხანდაზმულთა სადღეღამისო მოვლის 4 დაწესებულება: ბოლნისის სათნოების სახლი, ქარელში მდებარე სათემო ორგანიზაცია “სალბუნი”, გორში მდებარე კერძო დაწესებულება – “შენი თბილი კერა” და თბილისში მდებარე, ასევე კერძო დაწესებულება “თბილის კერა”.

მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლინდა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს შორის. თითოეულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, პირობებს, ინფრასტრუქტურასა და იქ მცხოვრები ხანდაზმულების მოსაზრებებს შეგიძლიათ გაეცნოთ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი