საზოგადოება

საქართველოს საზოგადოება უფრო ტოლერანტული ხდება — კვლევა

15 თებერვალი, 2022 • 2757
საქართველოს საზოგადოება უფრო ტოლერანტული ხდება — კვლევა

“მოსახლეობა, 2018 წელთან შედარებით, მეტად არის ინფორმირებული და უფრო დადებით დამოკიდებულებას ამჟღავნებს ქართულ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნების მიმართ”, – ვკითხულობთ ევროპის საბჭოს მიერ 15 თებერვალს წარმოდგენილ კვლევაში.

კვლევა, სათაურით “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება”, მოიცავს საზოგადოების აღქმებს მრავალფეროვნებაზე, უმცირესობათა უფლებებზე, დისკრიმინაციასა და სხვა საკითხებზე.

ამ შინაარსის კვლევა ორგანიზაციამ 2018 წელს უკვე გამოაქვეყნა. 2021 წლის კვლევის შედეგები სწორედ წინამორბედის მონაცემებს შეადარეს.

კვლევის ავტორები გარკვეულ დადებით ტენდენციებზე საუბრობენ. მათი თქმით, ამჯერად უფრო მეტმა ადამიანმა დაასახელა ქვეყანაში არსებული უმცირესობათა ჯგუფები. ამასთან, ორნიშნა რიცხვითაა გაზრდილი მოსახლეობის წილი, რომელიც მრავალფეროვნების სხვადასხვა ფორმას ქვეყნისთვის დადებით მოვლენად აღიქვამს.

“გარდა ამისა, გამოკითხვის პირველ ტალღასთან შედარებით, მოსახლეობის მნიშვნელოვნად უფრო დიდი ნაწილი ამბობს, რომ მისნაირ ადამიანს მოუწონებდა საქმიან ურთიერთობას სხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ეხება როგორც ჰომოსექსუალებს, ისე იეჰოვას მოწმეებს – ორ ჯგუფს, რომელთა მიმართ 2018 წლის გამოკითხვაში მოსახლეობა ყველაზე უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდა”, — ვკითხულობთ კვლევაში.

ავტორთა თქმით, წელს უფრო მეტმა გამოკითხულმა თქვა, რომ უმცირესობების, მათ შორის, ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, ხოლო ნაკლებ ადამიანს სჯერა, რომ უმცირესობებს პრობლემები არ აქვთ და არასდროს ხდებიან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა თუ სიძულვილის ენის სამიზნე.

კვლევის თანახმად, 2018 წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ეთნიკური მრავალფეროვნების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი, ხოლო რელიგიური მრავალფეროვნების შემთხვევაში — 14%-ით.

“ახალგაზრდები (18-34) მრავალფეროვნებას რვა პროცენტით უფრო მეტი ალბათობით აფასებენ დადებით მოვლენად, ვიდრე 55 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა”, — ვკითხულობთ კვლევაში.

მრავალფეროვნების მიმართ დადებითად განწყობილი ადამიანები თავიანთ დამოკიდებულებას ძირითადად იმით ხსნიდნენ, რომ მრავალფეროვნება ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის, უარყოფითად განწყობილთა დიდი ნაწილი კი დასძენს, რომ აღნიშნული ფენომენი კულტურასა და ტრადიციებს უქმნის საფრთხეს.

გამოკითხვა უმცირესობათა კონკრეტული ჯგუფების მიმართ დამოკიდებულებასაც იკვლევდა. ამასთან დაკავშირებით დასმული იყო კითხვა, მოუწონებდა თუ არა რესპონდენტი მისნაირ ადამიანს საქმიან ურთიერთობას კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელთან.

ამ ინდიკატორით ტოლერანტობა 16%-ით გაიზარდა არაბების შემთხვევაში, 15%-ით — აფრიკელების, ხოლო 13%-ით — იეჰოვას მოწმეებისა და ირანელების შემთხვევაში.

“ასევე, 12 პროცენტით გაიზარდა დადებითი დამოკიდებულება ჩინელებისა და ავარების მიმართ, 11 პროცენტით – თურქი მესხების, თურქებისა და ინდოელების მიმართ, 10 პროცენტით კი – იეზიდების/ქურთებისა და ჰომოსექსუალების მიმართ”, — ვკითხულობთ კვლევაში.

სხვადასხვა ჯგუფის მიმართ დამოკიდებულების შესაფასებლად, ზემოთ აღწერილი შეკითხვების გარდა, რესპონდენტებს ჰკითხეს, ვის არ ისურვებდნენ მეზობლად.

“მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის წილი, რომელიც ყველაზე მეტად ჰომოსექსუალებთან მეზობლობას არ ისურვებდა, 7 პროცენტით შემცირდა[54%-დან 47%-მდე].

ასევე, 6 პროცენტით შემცირდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ინფექციური დაავადებების მქონეთა მეზობლად ცხოვრებას არ ისურვებდნენ[24%-დან 16%-მდე].

სხვა მხრივ, 2018-დან 2021 წლამდე მოსახლეობის პასუხები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა”, — ამბობენ ავტორები.

კვლევა ასევე სწავლობდა მოსახლეობის აღქმას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფის უფლებების დაცვა.

“2018 წლის გამოკითხვის მსგავსად, 2021 წელსაც მოსახლეობა პრიორიტეტულად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას კი ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვას ანიჭებს”, — ვკითხულობთ კვლევაში.

თუმცა არის გარკვეული ცვლილებებიც. მაგალითად, 2021 წლის გამოკითხვაში უფრო მეტი რესპონდენტი ამბობს, რომ ლგბტ ადამიანების, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობებისა და სხვა ჯგუფების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.

კვლევა ასევე ამბობს, რომ გამოკითხვის მონაცემებით, მოსახლეობა უფრო მეტად აცნობიერებს იმ პრობლემებს, რომლებიც უმცირესობათა ბევრ ჯგუფს აქვს, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს სხვაობა უმცირესობისა და არაუმცირესობის წარმომადგენელთა მხრიდან ამ პრობლემების აღქმის საკითხში.

“2018 და 2021 წლების გამოკითხვების თანახმად, ეთნიკური უმცირესობისთვის საქართველოში ძირითადი პრობლემა ქართული ენის არასაკმარისი ცოდნაა.

მოსახლეობის წილი, რომელიც მიიჩნევს, რომ უმცირესობებს პრობლემები არ აქვთ, 2018-დან 2021 წლამდე 16 პროცენტით შემცირდა. ეს ცვლილება უმეტესად იმის ხარჯზე მოხდა, რომ გაიზარდა ხალხის მიერ ენობრივი ბარიერის პრობლემად აღიარება”, — დასძენენ ავტორები.

კვლევის მონაწილეებს სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზეც ჰკითხეს. აღმოჩნდა, რომ გაიზარდა მოსახლეობის წილი, რომელიც სიძულვილის ენას ქვეყანაში პრობლემად ასახელებს: თუკი 2018 წელს გამოკითხულთა 45 პროცენტი ამბობდა, რომ სიძულვილის ენა მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, 2021 წელს უკვე 11 პროცენტით მეტი, მოსახლეობის 56 პროცენტი აცხადებდა იმავეს.

ამასთან, გამოკითხულთა 48%-ის აზრით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ქვეყანაში დიდი პრობლემაა. 2018 წელს ამგვარი მოსაზრება მოსახლეობის 35-მა პროცენტმა გამოთქვა.

საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის სამართლებრივი დაცვის არაერთი მექანიზმი არსებობს, მაგრამ რამდენ ადამიანს სურს ამ მექანიზმების გამოყენება და რამდენად იციან, პირველ რიგში, ვის უნდა მიმართონ ასეთ შემთხვევაში?

2018 და 2021 წლების გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ ხალხს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს ინფორმაცია სამართლებრივი დაცვის არსებულ შესაძლებლობებზე. ვინც იცის, ვის უნდა მიმართოს, მაინც საშუალო დონეზე გამოხატავს ამის სურვილს.

ჯამში, ავტორთა შეფასებით, ზემოთ აღწერილი შედეგები კონტრასტულ ტენდენციას აჩვენებს: “ერთი მხრივ, საზოგადოება უფრო ტოლერანტული ხდება, თუმცა, მეორე მხრივ, გაზრდილ ნდობასა და ცოდნას არ ამჟღავნებს სიძულვილის ენის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმალური მექანიზმების მიმართ”.

“ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ხელისუფლების ძალისხმევას ამ მიმართულებით ახალი ენერგია სჭირდება საზოგადოებასთან მუშაობის გასაგრძელებლად”, — ვკითხულობთ კვლევაში.

პროექტი “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” განხორციელდა საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვით და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

წარმომადგენლობითი კვლევის საველე სამუშაოები CRRC საქართველომ 2021 წელს, ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი