ახალი ამბები

როგორ ვფრთხილობდი და მაინც დავკარგე – მოკლული 10 წლის პალესტინელი ბიჭის დედა

9 მარტი, 2024 • 1323
როგორ ვფრთხილობდი და მაინც დავკარგე – მოკლული 10 წლის პალესტინელი ბიჭის დედა

4 მარტს ისრაელელმა სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე რეიდისას, სოფელ ბურინში 10 წლის პალესტინელი ბიჭი მოკლეს, ამრ ნაჯარი. ბიჭი მამის მინივენში წინ იჯდა და სოფლის განაპირა მხრიდან, სადაც მამასთან ერთად შესაკეთებლად დატოვებული ტელეფონისა და პროდუქტის წამოსაღებად იყო წასული, სახლში ბრუნდებოდა. მომხდარის შესახებ ვრცელ ინფორმაციასა და ახალ დეტალებს BBC ავრცელებს.

მოკლულ ბიჭთან ერთად იყვნენ მისი უმცროსი ძმა აჰმედი და ბიჭების მამა, მოჰამედი. საქარე მინის გავლით, ტყვია ბიჭს თავში მოხვდა და ადგილზე მოკლა.

ნაჯარების ოჯახი სოფელ ბურინში უკვე რამდენიმე თაობაა, რაც ცხოვრობს. BBC-ის ჟურნალისტი წერს, რომ 10 წლის ამრი ბეჯითი მოსწავლე და მხიარული ბავშვი ყოფილა. თუმცა არ გაუმართლა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კონფლიქტის შუაგულში დაიბადა და იზრდებოდა.

სოფელ ბურინს, რომელიც ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთში მდებარეობს, ებრაული დასახლებები გადმოჰყურებს, რომელთა არსებობა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევა.

7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” მიერ ისრაელზე თავდასხმით დაწყებული ომის შემდეგ ღაზის სექტორში, დაძაბულობამ დასავლეთ სანაპიროზეც იმატა. გაეროს მონაცემებით, დასავლეთ სანაპიროზე 400-ზე მეტი პალესტინელი მოკლეს მიმდინარე კონფლიქტის დაწყებიდან, მათგან 107 ბავშვია. გაეროს მონაცემებითვე, 15 ისრაელელი დაიღუპა ამავე ტერიტორიაზე ამავე პერიოდში.

ბურინის მკვიდრი პალესტინელები ახალმოსახლე ისრაელელების მხრიდან ძალადობაზე ლაპარაკობენ და შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ახალმოსახლეთა მიმართ მიკერძოებაზე. ისრაელში და დასავლეთ სანაპიროზე მოქმედი ადამიანის უფლებადაცვითი ჯგუფები ისრაელის თავდაცვის ძალებს ასევე ძალადობრივ ქმედებებში ადანაშაულებენ, თუმცა სამხედროები ამას უარყოფენ.

ამრ ნაჯარის დედა, სალამი, აღწერს თავისი ოჯახის ყოფას და ამბობს, რომ მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება.

“ბავშვებს სახლის გარეთ გასვლის უფლებას არ ვაძლევდი, სულ მეშინოდა, რომ მომიკლავდნენ. თვითონ მივდიოდი სკოლიდან მათ გამოსაყვანად, რომ სადმე გზაში არ დაეხოცათ. და მერე აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილს მაინც ეგ ეწერა, რომ აქ, სოფელში უნდა მოეკლათ. როგორ არ ვცდილობდი ჩემი შვილის დაცვას, მაგრამ მაინც წავიდა ჩემგან”, – ამბობს სალამ ნაჯარი.

4 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, მოჰამედ ნაჯარი შვილებთან, ამრისთან და აჰმედთან ერთად სახლიდან გავიდა, რომ პროდუქტი და შესაკეთებლად დატოვებული ტელეფონი მოეტანათ, რომლითაც ბავშვები ონლაინ გაკვეთილებს ესწრებოდნენ Microsoft Teams-ში.

ისრაელის თავდაცვით ძალებში BBC-ის უთხრეს, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას სოფლის მკვიდრები ისრაელელ სამხედროებს ქვებს ესროდნენ. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც ნაჯარების მანქანა სოფელში მოძრაობდა და ისრაელელ პატრულს გადააწყდა, სოფელში სიმშვიდე იყო.

ამრის მამა, მოჰამედი იხსენებს, რომ მანქანის მართვისას სროლის ხმა გაიგო და სამხედროებს მოულოდნელად გადააწყდა.

“პირდაპირ გვესროლეს. არ გავუფრთხილებივარ, რომ მანქანა გამეჩერებინა, ან რამე მსგავსი. მოულოდნელად გადავაწყდით სამხედროებს, რომლებმაც დამიზნებით გვესროლეს. ჩემი ბიჭი ადგილზე მოკლეს. ის არ ყოფილა დაჭრილი. თავში ესროლეს და მყისიერად მოკლეს”, – იხსენებს მოჰამედ ნაჯარი.

გაერო ამბობს, რომ პალესტინელი მამაკაცი, რომელიც ამრის დახმარებას ცდილობდა, ასევე დაჭრეს და საავადმყოფოში ორი დღის მერე გარდაიცვალა.

ამრის დაკრძალვა. 5 მარტი, 2024

ისრაელის თავდაცვის ძალებმა კითხვაზე, თუ რას იტყოდნენ ამრის ოჯახის პასუხად, რომ ბიჭს ესროლეს ყოველგვარი საფრთხის არარსებობის მიუხედავად, BBC-ის უთხრეს, რომ:

“ისრაელის თავდაცვის ძალების კონტრტერორისტული მოქმედებებისას ბურინში, რამდენიმე ეჭვმიტანილი ქვებს ესროდა ჯარისკაცებს, რომელთაც თავდასხმას სროლით უპასუხეს. ცოტა ხნის შემდეგ მივიღეთ ანგარიში პალესტინელი არასრულწლოვანის შესახებ, რომელიც დაიჭრა. მომხდარის გარემოებებს ვიკვლევთ.”

ადამიანის უფლებადაცვითი ჯგუფები, რომლებიც ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ისრაელის სამხედროების მხრიდან არამიზნობრივად და არასაჭიროდ ცეცხლის გახსნას დიდი ხნის ისტორია აქვს და ეს პირველად არ ხდება. ამბობენ იმასაც, რომ როგორც წესი, ეს ხდება რანგით დაბალი სამხედროების ხელით, რომელთა პასუხისმგებლობაც არ დგება და ეს აჩვენებს ისრაელის გულგრილ დამოკიდებულებას პალესტინელთა სიცოცხლის მიმართ.

ამრის დაკრძალვაზე ბიჭის ცხედარი სხვადასხვა ჯგუფის ფერებში იყო შემოსილი, მათ შორის, “ჰამასის”. მოგვიანებით ბიჭის მეგობრებმა ბურინის ქუჩებში პალაკატები გააკრეს ამრის გამოსახულებით.


7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი. ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. ასეთივე შეფასებები აქვთ ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარულ და უფლებადაცვით ორგანიზაციებს. ჰამასის კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 28 ათასამდე ადამიანია დაღუპული, მათგან 12 ათასზე მეტი ბავშვია. ღაზაში ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ საკვებსა და ჯანდაცვის ელემენტარულ სერვისებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი