ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი – ზარქუა

7 მარტი, 2024 • 1322
საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი – ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის გამო გერმანიის ელჩი „სასწრაფოდ“ უნდა დაიბარონ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ზარქუას თქმით, გერმანიის ელჩის გარდა, ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ევროკავშირის ელჩმაც უნდა გააკეთოს.

„ჩვენ ევროპა გვინდა იმიტომ, რომ გვგონია, იქ არის სამართლიანობა, მოქალაქეთა უფლებების დაცვის მეტი, მყარი გარანტიები და ეს როგორ ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს?!… კრიმინალი, რომელმაც ათასობით ადამიანი დაატერორა, ციხის იმ წამებების ერთ-ერთი ავტორი და შემოქმედია, იდეოლოგი იყო ამ რეჟიმის, თქვენ ასე ზარ-ზეიმით და პატივით ხვდებით! რანაირად ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს სწორია და ნორმალური თემაა?![…]

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი და მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროკავშირის ელჩს, აგვიხსნას, რა თემასთან გვაქვს საქმე, რა მიდგომებია ეს?!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ბუნდესტაგის სტუმართა ლოჟაში ზურაბ ადეიშვილის ამსახველი ფოტოები, რომლებიც ქართულმა მედიამ 6 მარტს გაავრცელა, 22 თებერვლის სხდომიდანაა. ადეიშვილი, რომელიც უკრაინის პროკურატურაში მრჩევლად მუშაობს, უკრაინის პროკურორთან და გერმანიაში უკრაინის ელჩთან ერთად დაესწრო საპარლამენტო მოსმენას, სადაც გერმანელი კანონმდებლები უკრაინისთვის შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას განიხილავდნენ.

ზურაბ ადეიშვილს საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ასევე მისჯილი აქვს პატიმრობა, მათ შორის, ციხის კადრების საქმეზე.

საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2013 წლის იანვრის თვის დასაწყისში გაუგზავნეს, თუმცა ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში ჩასვეს და 2015 წელს ამოიღეს, როგორც ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი.

ადეიშვილმა საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უნგრეთში ცხოვრობდა. ადვოკატმა ოთო კახიძემ მაშინ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში.

მაიდნის მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ადეიშვილი უკრაინაში გამოჩნდა. ის ექსპერტის სტატუსით მუშაობდა უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე. ბოლო ინფორმაციით, ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩეველია.

ზურაბ ადეიშვილს, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, 2021 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

პირველი შემთხვევა არაა, როცა ადეიშვილი მონაწილეობს უკრაინის დელეგაციის საერთაშორისო ვიზიტებში. 2022 წლის ოქტომბერში უკრაინის მხარეს ახლდა ევროპის საბჭოში, რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე. მაშინ თბილისმა განაცხადა, რომ ექნებოდა „შესაბამისი რეაგირება“.

როგორც გერმანიის საელჩო „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი.

ამ თემაზე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი