“ინტერპოლი არ არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ან სხვა მართლმსაჯულების ორგანო და, შესაბამისად, არ არის ის ორგანო, რომელიც მსჯელობს ადამიანის ბრალეულობაზე და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე. ინტერპოლი არის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია 190 ქვეყანა და მისი ძირითადი დანიშნულება არის ოპერატიული უზრუნველყოფა მოახდინოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის კრიმინალურ დანაშაულში საბრძოლველად, ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა კრიმინალური პოლიციის ქსელის საერთაშორისო ძებნის წარმოება, კონკრეტულად სხვასხვა ქვეყნების ძებნილი პიროვნებების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. რა თქმა უნდა, ინტერპოლი მოქმედებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციით. მე ახლა ხელთ მაქვს ის წერილი, რომლის საფუძველზეც ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის გადაწყვეტილებით მოიხსნა წითელი ცირკულარიდან. მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაციები, ძალიან ბევრი ბრალდება პროკურატურის მიმართ. მინდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში მოხდა ინტერპოლის და პროკურატურის კომპეტენციების აღრევა. ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის 181-ე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ახალი პოლიტიკა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა მიმართ, კონკრეტულად, ეს ახალი პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ლტოლვილის სტატუსის მქონე პიროვნება, რომელზეც დასტურდება, რომ მინიჭებული აქვს ეს სტატუსი, ასევე დასტურდება, რომ ლტოლვის სტატუსის მიმნიჭებელ სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკური ინტერესი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს მიმართ, ამ შემთხვევაში ძებნილი ადამიანი, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, არ შეიძლება ამ ადამიანის მიმართ განხორციელდეს წითელი ცირკულარით ძებნა. სწორედ ამ ახალი პოლიტიკის საფუძველზე, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 18 თებერვლიდან, ინტერპოლმა ცალმხრივად, ისე, რომ წინასწარ არ შეუტყობინებია ამის შესახებ პროკურატურისათვის, მხოლოდ გვაცნობა ამ გადაწყვეტილების შესახებ და მოუხსნა ზურაბ ადეიშვილს, ასევე სერგო ქავთარაძეს წითელი ცირკულარით ძებნა. ასეთივე გადაწყვეტილებები მან განახორციელა სხვა ქვეყნების ძებნილი მოქალაქეების მიმართ, რომელთაც ჰქონდათ ლტოლვილის სტატუსი. ამავე გადაწყვეტილებით, ჩვენ ვგებულობთ, რომ ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი მიღებული აქვს 2013 წლის 8 თებერვალს“, – განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.
შოთაძის თქმით, მან არ იცის, რომელი ქვეყნის მიერ არის ზურაბ ადეიშვილისთვის ლტოლვილის სტატუსი მინიჭებული, თუმცა, მისი თქმით, მათ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს უკვე მიმართეს:
“ჩვენ ამის შესახებ უკვე მივმართეთ საქართველოს შსს-ს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს დახმარებით ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რათა გავარკვიოთ, რომელი ქვეყნის მეშვეობით აქვს ზურაბ ადეიშვილს მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი და დავიტოვოთ უფლება, რომ ლტოლვილის სტატუსის მიმნიჭებელ სახელმწიფოში გავასაჩივროთ ამ გადაწყვეტილების საფუძვლიანობა. მე ასევე მინდა განვმარტო, რომ ხშირად ლტოლვილის სტატუსის მინიჭება რჩება კონფიდენციალური, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ამის წინააღმდეგია თავად ლტოლვილის სტატუსის მქონე პიროვნება, შესაბამისად, ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი.
ასევე მე მინდა საზოგადოებას შევახსენო ის ძალისხმევა, რაც საქართველოს პროკურატურამ თავის დროზე განახორციელა იმ მიზნით, რომ ზურაბ ადეიშვილი ყოფილიყო საერთაშორისო ძებნილი, კონკრეტულად 2013 წლის 10 იანვრიდან საქართველოს პროკურატურამ მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რომლის საფუძველზეც ითხოვდა მის მიმართ საერთაშორისო ძებნის განხორციელებას. დაახლოებით 10 თვის განმავლობაში ეს განხილვა მიმდინარეობდა და პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზურაბ ადეიშვილი დასვა ინტერპოლის საერთაშორისო ძებნაზე წითელი ცირკულარით, შესაბამისად, ის საფუძვლები, რაც დადგენილია ინტერპოლის კონსტიტუციით და წესებით, სრულად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა პროკურატურის მიერ წარდგენილი საფუძველი და სწორედ ამ მასალების საფუძველზე მოახდინა ზურაბ ადეიშვილის წითელ ცირკულარზე დასმა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისვე თქმით, საქართველოს ჰქონდა და აქვს სისტემატიური ურთიერთობა ინტერპოლის სამსახურთან.
“კონკრეტულად ზურაბ ადეიშვილის მიმართ პირველი ბრალის შემდგომ განხორციელდა რამდენიმე ბრალის წაყენება, რის შესახებაც ინტერპოლის ეროვნული ბიურო სრულად იყო ინფორმირებული და ამის შესახებ მას შესაბამისი მასალები სრულად ჰქონდა მიწოდებული”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში აღარ არის. ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილის შესახებ მონაცემები აღარ იძებნება.
საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2013 წლის იანვრის თვის დასაწყისში გადაუგზავნეს, თუმცა ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში ჩასვეს.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ადეიშვილი უნგრეთში ცხოვრობდა. ადვოკატმა ოთო კახიძემ მაშინ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში.
მაიდნის მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ადეიშვილი უკრაინაში გამოჩნდა.
უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, გია გეწაძის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე მუშაობს ექსპერტის სტატუსით.
ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ძებნა ერთდროულად დაიწყო. ორგანიზაციის ვებგვერდზე კეზერაშვილი კვლავ ძებნილადაა მოხსენიებული, ხოლო ადეიშვილი – არა.
ადეიშვილს საქართველოში ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.