ახალი ამბები

NGO-ები ევროკომისარს საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შუალედურ შეფასებას სთხოვენ

5 მარტი, 2024 • 613
NGO-ები ევროკომისარს საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შუალედურ შეფასებას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართავენ და საქართველოს მიერ 9 ნაბიჯის განხორციელების შუალედური შეფასების გამოქვეყნებას სთხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ისინი აგრძელებენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მუდმივ მონიტორინგს, შეიმუშავებენ წინადადებებს ეფექტიანი რეფორმების ხელშესაწყობად და შეეცდებიან, რომ 9 ნაბიჯი შიდა რეფორმების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტად იქცეს.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ევროკომისია გაფართოების ქვეყნების მიერ რეფორმების იმპლემენტაციის პროცესს ყოველწლიურად აფასებს. თუმცა მიგვაჩნია, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი შუალედური შეფასება მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს რეფორმების პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვას. ამ კუთხით პოზიტიური გამოცდილება იყო 2023 წლის 23 ივნისს ევროკომისიის შუალედური ზეპირი ანგარიში, რომელმაც დადებითი როლი ითამაშა და ბიძგი მისცა ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. შუალედური ანგარიში მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტი აღმოჩნდა სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობის პროცესში“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების წერილში.

წერილის ხელმომწერები ვარჰეის მიმართავენ თხოვნით, განიხილონ საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური შეფასების მომზადების შესაძლებლობა.

„მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად დაგვეხმარება გავზარდოთ ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ხარისხი, რეფორმების პროცესის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა და განვახორციელოთ ეფექტიანი ზედამხედველობა“, — ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  2. საფარი
  3. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  4. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  7. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  8. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  9. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  10. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
    (GFSIS)
  11. სამართლიანი არჩევნები (ISFED)
  12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ევროკომისია ყოველ წელს ამტკიცებს გაფართოების კომუნიკეს, სადაც გაწერილია გაფართოების პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები. კომუნიკეს თან ახლავს ანგარიშები, რომლებშიც დეტალურადაა შეფასებული კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების  მდგომარეობა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღწეული პროგრესი.

„გაფართოების პაკეტს“ ევროკომისია შემოდგომაზე წარმოადგენს. მიმდინარე წლის მარტში იგეგმებოდა უკრაინისა და მოლდოვის რეფორმების პროგრესის შეფასება და გაწევრიანების ჩარჩოს შეთანხმება. თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ კომისია კვლავ მუშაობს მოლაპარაკებების ჩარჩოზე და მისი ვარაუდით, ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინი, თავის მხრივ, მოელის, რომ ევროკომისია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს წარადგენს არაუგვიანეს 12 მარტისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი