ახალი ამბებიხელოვნება

5-10 მარტი: ადგილები, სადაც წასვლას გირჩევთ

4 მარტი, 2024 • 1827
5-10 მარტი: ადგილები, სადაც წასვლას გირჩევთ

„ნეტგაზეთი” გირჩევთ კონცერტებს, სპექტაკლებსა და საღამოებს, რომელზე დასწრების შესაძლებლობას 5-10 მარტს გექნებათ:

5 მარტი – სანდრო ნებიერიძის საფორტეპიანო კონცერტი. თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი – დასაწყისი – 20:00

5 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება სანდრო ნებიერიძის სოლო კონცერტი. თავისი თაობის გამორჩეული პიანისტი ამჟამად სწავლობს მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტში ფორტეპიანოს მიმართულებით, პარალელურად კი, იტალიის ქალაქ იმოლას საფორტეპიანო ოსტატობის აკადემიაში. პიანისტობასთან ერთად წერს საფორტეპიანო ნაწარმოებებს, რომელთაგან ერთ-ერთს 5 მარტსაც შეასრულებს. კონცერტზე მოისმენთ მრავალფეროვან, სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორების ნაწარმოებებით შედგენილ პროგრამას.

საღამო ეძღვნება ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის ხსოვნას.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია და ბილეთები შეგიძლიათ ნახოთ – აქ.

5 მარტი – ჯაკომო პუჩინი „ტრიპტიქი”. კინოთეატრი „ამირანი” – დასაწყისი – 18:45

უკვე დიდი ხანია, ამირანის კინოთეატრში ფეხი მოიკიდა პროგრამამ – Event Cinema, სადაც მაყურებელს საშუალება ეძლევა, დიდ ეკრანზე ნახოს ცნობილი საოპერო და საბალეტო დადგმები, ასევე- საყვარელი მუსიკოსების კონცერტებიც. მარტის თვის მრავალფეროვანი პროგრამიდან 5 მარტს მაყურებელს შეეძლება დიდ ეკრანზე იხილოს და მოისმინოს ზალცბურგის ფესტივალზე დადგმული ჯაკომო პუჩინის „ტრიპტიქი”. კომპოზიტორის სამი ერთმოქმედებიანი ოპერიდან პირველში – „ჯანი სკიკი” – მთავარ პარტიას ასრულებს ქართველი ბარიტონი მიხეილ ქირია, ასმიკ გრიგორიანი კი სამივე ოპერაში მთავარ პარტიას ასრულებს.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ – აქ.

7 მარტი – „გრონჰოლმის მეთოდი”. მარჯანიშვილის თეატრი – დასაწყისი – 20:00

პრემიერიდან მრავალი წლის გასვლის მიუხედავად, „გრონჰოლმის მეთოდი“ ერთ-ერთი ყველაზე თანადროული სპექტაკლია, რომელსაც ქართული თეატრების რეპერტუარში ნახავთ.

მართალია, თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მოქმედება კატალონიაში ვითარდება, თუმცა  გეოგრაფიული მდებარეობა და დრო მალევე გახდება უმნიშვნელო. აქ და ახლა მიადევნებთ თვალს 4 კანდიდატის ბრძოლას კორპორაციაში სამუშაო ადგილის მოსაპოვებლად. კანდიდატებს სამუშაო ადგილის მისაღებად უწევთ დავალებების შესრულება.  რა გზებს მიმართავენ ისინი, რამდენად შეძლებენ შეასრულონ დავალებები ისე, რომ არ უღალატონ საკუთარ თავს და რა არის „გრონჰოლმის მეთოდი” – ამის გაგებას 7 მარტს, 20:00 საათზე შეძლებთ მარჯანიშვილის თეატრში.

ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ.

8, 10 მარტი – „ფიწალი დისნეი”. „თეატრი ათონელზე” – დასაწყისი – 20:00

სპექტაკლს „ფიწალი დისნეი” არ ჰყავს რეჟისორი. მსახიობებმა, სცენოგრაფმა და კომპოზიტორებმა ფილიპ რიდლის პიესაზე სამუშაოდ თანაბრად გაინაწილეს მოვალეობები და ერთობლივად შექმნეს ქართული თეატრის რეპერტუარის გამორჩეული სპექტაკლი.

ატმოსფერო, პერსონაჟები და მუსიკა ქმნის თვითმყოფად გარემოს და თხრობას – როგორ ირეკლავენ ფილიპ რიდლის ერთი შეხედვით ზღაპრული სამყაროს პერსონაჟები თანამედროვეობას და როგორ ზიარდება მათი გამოცდილებები ჩვენს პრობლემებთან და ყოველდღიურობასთან, ამის გაგებას 8 და 10 მარტს შეძლებთ „თეატრში ათონელზე”.

ფილიპ რიდლის პიესის პერსონაჟებს სახლიდან გასვლის ეშინიათ. ჩარაზულ კარს მიღმა საშინელებები ელოდებათ. ბინაში გამოკეტვა კი უსაფრთხოებას ნიშნავს. ტკბილეული, წამლები და გაუთავებლად მოყოლილი ამბები მშველელად ევლინებათ. თუმცა შინ გარე სამყაროს შემოჭრას დიდხანს ვერაფერი შეაჩერებს. მალე მათი ფანჯრის მიღმაც ჩაივლიან უცნაური ადამიანები, კარში შემოაბიჯებენ და ძილბურანიდან მათ გამოფხიზლებას შეეცდებიან. „ფიწალი დისნეი” აუტანელი სიჩუმით სავსე პიესაა, რომელიც თანამედროვე ადამიანის შიშებსა და ვნებებს ფერად სანახაობად აქცევს.

ბილეთები შეიძინეთ – აქ და აქ.

9 მარტი – პანჩ-ლაინ თერაპია. კინოთეატრი ამირანი – დარბაზი I – დასაწყისი – 21:00

როგორი იქნებოდა თქვენი თერაპიული სეანსი, თუ ფსიქოლოგის ნაცვლად დახმარებას კომიკოსები გაგიწევდნენ? 9 მარტს ამის გამოცდას ამირანის პირველ დარბაზში შეძლებთ.

პანჩ-ლაინ თერაპია სტენდ აპ თბილისის (Standup Tbilisi) პროექტია, სადაც კომიკოსები ფსიქოლოგის ამპლუას ირგებენ, თერაპიულ სეანსზე მოხვედრა კი დარბაზში მყოფი მაყურებლიდან ნებისმიერს შეუძლია.

ბილეთები შეიძინეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი