ახალი ამბები

მოსკოვში ალექსეი ნავალნის ადვოკატი დააკავეს – მედია

27 თებერვალი, 2024 • 789
მოსკოვში ალექსეი ნავალნის ადვოკატი დააკავეს – მედია

მოსკოვში ალექსეი ნავალნის ადვოკატი ვასილი დუბკოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „მედუზა“ რუსულ მედიებზე დაყრნობით ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები წერენ, ადვოკატს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედება.

დუბკოვი ალექსეი ნავალნის იცავდა. გასულ კვირას ადვოკატი თან ახლდა ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას სალეხარდში, როდესაც მან მოითხოვა შვილის ცხედრის დაბრუნება.


15 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა.

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მკვლელობა მოწამვლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავდათ საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი