ახალი ამბები

რატომ გადმოფინეს პეტიცია მშვიდობის ხიდზე რუსეთის გაეროდან გარიცხვის მოთხოვნით

1 მარტი, 2024 • 4682
რატომ გადმოფინეს პეტიცია მშვიდობის ხიდზე რუსეთის გაეროდან გარიცხვის მოთხოვნით

თბილისში, მშვიდობის ხიდზე, რამდენიმე უკრაინელი და მათი მეგობარი ქართველი შეიკრიბა. ხიდის მოაჯირიდან მტკვარზე დიდი ბანერი გადმოფინეს, რომელზე დატანილი QR კოდით საერთაშორისო პეტიციაზე გადასვლაა შესაძლებელი. პეტიცია გაეროდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს.

“ავანაზღაურებინოთ რუსეთს ყველაფერი.

1991 – მოლდოვა

1994 – 1996; 1999-2009 – ჩეჩნეთი

1991 – 1993; 2004; 2008 – საქართველო

2014-დან დღემდე – უკრაინა”, – წერია ბანერზე.

საქართველოში ამ პატარა აქციის ორგანიზატორი ლინაა, რომელიც კიევიდან საქართველოში სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდა.

“მე რიგითი მოხალისე ვარ. სრულიად ჩვეულებრივი უკრაინელი ქალი. თუმცა მგონია, რომ ახლა ჩვეულებრივი უკრაინელი ქალები ერთბაშად იქცნენ სრულიად არაჩვეულებრივებად. კიევიდან ერთი კვირით ჩამოვედი, როგორც ტურისტი, ვიფიქრე, რომ დავისვენებდი. მაგრამ ჩემს ქვეყანაში ომია და მივხვდი, რომ დასვენებას აქაც ვერ ვახერხებ. მთელი გულითა და გონებით ისევ იქ ვარ, ისევ ახალ ამბებს ვუზივარ.

თბილისში, მშვიდობის ხიდთან რომ მოვხვდი, ვიფიქრე, რომ სწორედ აქ უნდა გამეკეთებინა აქცია. ხიდიდან ბანერი გადმოვფინეთ. მასზე QR კოდია დატანილი და მისი საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო პეტიციაზე გადასვლა, რომლითაც რუსეთის გაეროდან გარიცხვას მოვითხოვთ. პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია სპეციალურ ვებგვერდზე გადასვლითაც. მილიონ ხმას თუ შევაგროვებთ, ყურადღებას მოგვაქცევენ. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთს არა მარტო გაეროდან, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროდან გარიცხავენ”, – ამბობს ნეტგაზეთთან ლინა.

პეტიციას ამ დროისთვის 400 000-მდე ადამიანი აწერს ხელს.

“ისტორიული შანსი გვაქვს ახლა, რომ დავასრულოთ უდიდესი ფარსი საერთაშორისო პოლიტიკის ისტორიაში – რუსეთის უკანონო წევრობა გაეროში. გაერო უნდა გათავისუფლდეს რუსეთისგან იმიტომ, რომ უფლება ვეტოზე არ უნდა უთანაბრდებოდეს უფლებას, რომ კლავდე!” – ნათქვამია პეტიციაში.

 

პეტიციის ავტორები წერენ, რომ გაეროდან გარიცხვის გარეშე, რუსეთის კეთილ ნებაზე რჩება დამოკიდებული მისი მხრიდან ომის დანაშაულების აღიარება, უკრაინისთვის აღდგენაში დახმარება და კომპენსაცია და საერთოდ, იმ რეალური ფუნქციის შესრულება, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აქვს.

“მე კიევში ვცხოვრობ. ვიღაც შეიძლება დაინტერესდეს, როგორ ვცხოვრობთ, შეიძლება ვინმემ მითხრას, ყველაფერი ნორმალურად გაქვთო. რას ნიშნავს საერთოდ “ნორმალურად”? შეიძლება დღეს არ გვბომბავდნენ, შეიძლება გუშინ არ დაგვბომბეს, მაგრამ ჩვენთან ომია და ეს უკვე არაა ნორმალური. ომის ქრონიკაში, შემზარავ ნიუსებში ვცხოვრობთ. არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც უახლოესი ადამიანი, ოჯახის წევრი, მეგობარი, ნათესავი, მეზობელი ომში არ ჰყოლია. კი, შეიძლება სადღაც წაიკითხოთ, რომ ვიღაც უკრაინელი წავიდა დისკოთეკაზე. დიახ, სადღაც ვიღაც დისკოთეკაზე წავიდა და კიდევ წავა, იმიტომ, რომ სხვანაირად უბრალოდ შევიშლებით. დიახ, ჩვენც ვიღვიძებთ დილით და ვაგრძელებთ ცხოვრებას, მაგრამ ხანდახან ყავას არ ვსვამთ. იმიტომ, რომ ეგ მცირედიც გვირჩევნია გადავრიცხოთ და ვიცოდეთ, რომ სადღაც ვიღაცას ჩვენი წყალობით ახურავს ჩაფხუტი, რომელიც ტყვიისგან იცავს. სხვანაირად დავიწყეთ ერთმანეთის მხარდაჭერა. ეს გვაძლევს ძალას.

და მადლობა საქართველოს, მადლობა ყველა ქართველს და არაქართველს, რომელიც ამ ლამაზ მიწაზე ცხოვრობს. იმიტომ, რომ არავის ესმის თქვენზე კარგად ჩვენი ტკივილი. მადლობა! დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს”, – გვეუბნება ლინა, რომელიც ხვალ, ორ მარტს, კიევში ბრუნდება.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი გაეროს შექმნის დღიდან, 1945 წლის 24 ოქტომბრიდან, მისი წევრი იყო.

1991 წლის 24 დეკემბრის წერილით, რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა, გაეროს გენერალურ მდივანს აცნობა, რომ გაერთიანებული ერების სხვადასხვა ორგანოში საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციის მიერ გაგრძელდებოდა. ამას მხარს უჭერდნენ საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები და გაეროს წევრ არცერთ ქვეყანას ეს არ გაუპროტესტებია.

პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ სამართლებრივად, რუსეთი ვერ ჩაითვლება გაეროს წევრად და ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ გაუვლია გაეროში გაწევრიანების პროცედურა. გაეროს წესდების 23-ე მუხლის მიხედვით, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობს და რუსეთი წესდებაში ნახსენები არც კია.

“მოვითხოვთ, რომ ანტონიუ გუტერეშმა წარმოადგინოს დოკუმენტები, რაც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის კანონიერ წევრობას გაეროში. და თუ ასეთი დოკუმენტები არ არსებობს, მოვითხოვთ, რომ დასრულდეს რუსეთის ფიქციური წარმომადგენლობა გაეროში”, – წერენ პეტიციის ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი