ახალი ამბები

„დააზიანებს ევროინტეგრაციის მიზნებს“ – გოგოლაშვილი „ოცნების“ ჰომოფობიურ ინიციატივაზე

1 მარტი, 2024 • 1369
„დააზიანებს ევროინტეგრაციის მიზნებს“ – გოგოლაშვილი „ოცნების“ ჰომოფობიურ ინიციატივაზე

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის აზრით, იმ ფონზე, როცა ევროკავშირი საქართველოსგან პირიქით, უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ელის, „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მიღება „დამაზიანებელია ევროპული ინტეგრაციის მიზნებისთვის“.

ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ მუქარის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიება ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ წერია, რომ ლგბტიქ+ პირები ერთ-ერთი ყველაზე მეტად მარგინალიზებული ჯგუფია, ისინი ექვემდებარებიან სისტემურ ჰომოფობიას, ნეგატიურ სოციალურ დამოკიდებულებებს და ჰომოფობიური გრძნობების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, შესაბამისად, მათი უფლებების დაცვა გამოწვევად რჩება.

„პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება იწვევს ლგბტიქ+ პირების მიმართ სიძულვილს, სოციალურად მიუღებლად ხდის და აფართოებს მათ მიმართ ძალადობის ფარგლებს“, — ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოში დიდწილად არსებობს ფუნდამენტური უფლებების შესახებ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო. ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ბაზა მეტწილად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა მომავალ წლებში საჭიროა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის მიღება, რომელიც ლგბტიქ ადამიანების უფლებებსაც მოიცავს.

კახა გოგოლაშვილის თქმით, ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის პრობლემას თემისგან, რომელიც საქართველოში დღის წესრიგში არ დგას.

„ასეთი კანონის მიღებას აუცილებლად ექნება გავლენა ევროკომისიის შეფასებაზე. ქვეყანა, რომელსაც სთხოვენ, რომ ლგბტ ჯგუფების დაცვას და დისკრიმინაციის აღმფხვრას, ფაქტობრივად, იღებს საკანონმდებლო დისკრიმინაციას. „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა სულ სხვანაირად იქნება განხილული — ლგბტ საზოგადოება განხილული იქნება საფრთხის შემცველად.

ნებისმიერი გამოვლენა ან დროში გამოფენა შეიძლება ჩაითვალოს კანონის დარღვევად. ეს დისკრიმინაციას შეუწყობს ხელს და არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს ევროკავშირის სტრუქტურებისგან, იმიტომ, რომ მათთვის ადამიანის უფლებების დაცვა უმაღლესი კატეგორიაა. ადამიანის უფლებები კი არ არის აბსტრაქტული და ყველა ჯგუფის უფლებებს გულისხმობს“, — აცხადებს გოგოლაშვილი.

გოგოლაშვილის აზრით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში ფართოდ ფესვგადგმულ კონსერვატიულ განწყობებს ეყრდნობა და ევროპული ფასეულობების დისკრედიტაციას ცდილობს.

„ეს არის ამომრჩევლებზე გათვლილი პოლიტიკა, თორემ ხელისუფლებას არანაირი დარდი არა აქვს, რამდენი ჰომოსექსუალი იქნება საქართველოში, გაიზრდება მათი რიცხვი თუ შემცირდება“, — დასძენს გოგოლაშვილი.

„ქართული ოცნება“ ამზადებს კანონპროექტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის მტკიცებით, საზოგადოებას დაიცავს „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ და „მისი მავნე შედეგებისგან“.

მდინარაძის განცხადებით, უახლოეს ორ კვირაში მმართველი გუნდი ამ კანონპროექტს მოამზადებს, თუმცა პირობას დებს, რომ „ადამიანის უფლებები იქნება დაცული“, ხოლო „ცენზურა არ დაწესდება“. თუმცა ამბობს, რომ „უნდა აიკრძალოს აშკარა პროპაგანდა“.

ამ თემაზე:

„უნდა აიკრძალოს აშკარა ლგბტ პროპაგანდა“ – „ოცნება“ ახალ კანონპროექტს აანონსებს

როგორ მანიპულირებს “ოცნება” ამერიკული კვლევით და “ლგბტ პროპაგანდით”

რატომ გაააქტიურეს საპარლამენტო უმრავლესობაში ანტიდასავლური რიტორიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი