სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 63 წლის კაცი, რომელმაც პარტნიორ ქალთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ქალის ოჯახის წევრებს გაუგზავნა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო – კაცმა ინტიმური შინაარსის მასალა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ქალმა მასთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა.
“მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია Whatsapp-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე უწყებამ კიდევ ერთი კაცი დააკავა. ამ შემთხვევაში 38 წლის კაცი ვიდეოზარით კომუნიკაციისას ფარულად იღებდა ე.წ. სქრინებს, სადაც დაზარალებული ქალი შიშველი მდგომარეობაში ჩანდა. გარდა ამისა, ბრალდებული კაცი ინახავდა ქალთა სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეომასალას.
ორივე კაცს ბრალი პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე აქვს წარდგენილი. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.