ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი თბილისისგან ძალის არგამოყენებაზე კვლავ შეთანხმებას ითხოვს

17 თებერვალი, 2026 •
ცხინვალი თბილისისგან ძალის არგამოყენებაზე კვლავ შეთანხმებას ითხოვს

ცხინვალი აცხადებს, რომ გეგმავს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდის ფარგლებში ყურადღება გაამახვილოს ძალის არგამოყენების შესახებ კონკრეტული დოკუმენტის შეთანხმებაზე. ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველმა კონსტანტინ კოჩიევმა ცხინვალში საერთაშორისო თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში გაიმართა.

ცხინვალში შეხვედრამდე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა შეხვედრა თბილისში გამართეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების – რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე.

ოსური მხარის ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში კოჩიევმა ხაზი გაუსვა ტრადიციული კონსულტაციების მნიშვნელობას, რომლებიც წინ უძღვის შეხვედრებს ჟენევის პლატფორმაზე.

მისი თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს არის სასარგებლო შესაძლებლობა „საათების ისრების გასასწორებლად“, რათა განხილულ იქნას არა მხოლოდ მიმდინარე დღის წესრიგი, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხებიც.

„ამჟამად ჩვენ ძალიან პასუხისმგებლიან ეტაპზე გადავედით – ძალის არგამოყენების შესახებ განცხადების პროექტზე საგნობრივ საუბარზე. დღეს ვაპირებთ, ამ საკითხს მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ, რათა უკვე ამ ეტაპზე მივაღწიოთ შეთანხმებას იმ დეტალებზე, რომლებიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელია“.

ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 18-19 მარტს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი